logo
ENG



კულება: საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს სააკაშვილს, მისთვის ვიბრძოლებ

28 თებ 202317:24
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. მისი თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამის შესახებ კულებამ უკრაინულ მედიასთან სატელევიზიო ჩართვის დროს ისაუბრა.

"ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, საერთოდ არაფერი, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაგვეფუჭებინა. პირიქით, ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ - საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. რაც უნდათ, ის შეუძლიათ იფიქრონ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელისთვის, ის უკრაინის მოქალაქეა. მისი გულისთვის ვიბრძოლებ", - განაცხადა კულებამ.

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა - ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.

 


close დახურვა