logo
ENG



მაია მწარიაშვილი - ფოტოგრაფის ჩვენებასთან დაკავშირებით გამოძიება ცალკე უნდა მიმდინარეობდეს

03 ივლ 202023:18
3 წუთის საკითხავი
clock 780

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებასთან დაკავშირებით გამოძიება ცალკე უნდა ჩატარდეს.

როგორც მწარიაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, აუცილებელია დადგინდეს, რა რეაგირება მოახდინა პოლიციამ მას შემდეგ, რაც 112-ში კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია შევიდა.

„სადღაც ნანგრევებში ნახეს ეს ახალგაზრდა, ტყე-ღრეში, გამოიძახა პოლიცია მიშველეო და მერე ინციდენტი ამოიწურაო რას ნიშნავს, ეს ძალიან საყურადღებო ამბავია. ეს არის დიდი განგაშის თემა აქ. სახელმწიფომ როგორი რეაგირება მოახდინა ასეთ ზარზე, რომელიც შევიდა შუაღამისას და როგორ გაატარა ყურიდან ყურში პოლიციამ ეს ამბავი. ამ ამბავს საერთო არაფერი აქვს დანარჩენი საქმის გამოძიებასთან. ამ ამბავზე ცალკე უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება და აუცილებლად უნდა ატარებდეს პროკურატურა. როგორც კი პოლიციის თანამშრომლები ფიგურირებენ, სავარაუდოდ სწორედ აქ სამოხელეო თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნები ხომ არ არის და საერთოდ რა მოხდა 112-ის გამოძახების შემდეგ. პოლიციას ის კი არ აინტერესებს ინციდენტი ამოიწურა თუ არა, აინტერესებს ის, თუ რამ გამოიწვია ეს ინციდენტი. ადამიანს როდესაც კლავენ ჯერ ინციდენტი მიდის და როდესაც დამთავრდა ამოწურულია“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 19 ივნისის ღამეს 112-ში დარეკა და პოლიციას კონფლიქტის შესახებ აცნობა. მათივე თქმით, საქმეში არსებული ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ მან 112-ში კიდევ ერთი ზარი განახორციელა და განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოწურული იყო. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პირველი შეტყობინების არსებობის მიუხედავად, სამართალდამცველები საკითხით აღარ დაინტერესებულან.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა