logo
ENG



მიტროპოლიტი ისაია: რადგან კომენდანტის საათია, ის არ უნდა დაირღვეს

16 აპრ 202016:10
3 წუთის საკითხავი
 
twio9rwye9oatrr.jpg

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, ისაიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ განზრახვა აქვთ, რომ სააღდგომოდ წირვა არა კომენდანტის საათის დროს, არამედ დილით შეასრულონ.

მიტროპოლიტის თქმით, სახელმწიფო მეთაურს რომ 24-საათიანი კომენდანტი გამოეცხადებინა, ის არ დაარღვევდა დაწესებულ რეგულაციებს.

„თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისაგან უარყოფას ქრისტესი, რაღაცნაირად ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც რომ დავუჯეროთ მათ. მით უმეტეს დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, პანდემია ქვია ამას. რჩევები, რეგულაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და შეასრულოს. არ გამიგია მე სახელმწიფოს მხრიდან, რომ ტაძარში არავინ მისულიყო. ჩვენ ვიცავთ დისტანციას, გამოტანილი გვაქვს ხმის გამაძლიერებელი. თუკი ოდნავ მაინც მეტი იყო რაოდენობა ადამიანებისა, იდგნენ გარეთ. სააღდგომოდ ვფიქრობ, რადგან კომენდანტის საათია, ის არ უნდა დაირღვეს

ქრისტიანები თავს დადებდნენ და წირავდნენ კიდეც, მაგრამ აქ სხვა სურათია, ეს არის ზრუნვა ჩვენთვის და მოყვასისთვის და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დილითაც შეიძლება შევასრულოთ წირვა. ვფიქრობთ, რომ კომენდანტის საათის დროს არ შევასრულოთ ღვთისმსახურებაც და ჩავატაროთ დილით. ასეთი გვაქვს ჩვენ განზრახვა. ვინმე თუ ვერ აკეთებს, რაც საჭიროა, შეიძლება მივუთითოთ. რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მათ უნდა გამოასწორონ. თუ მონიშნული ადგილი არ არის ტაძარში ცარიელი, მაში ის გარეთ უნდა დადგეს. გარეთაც ჩანს, სად უნდა დადგნენ. სახელმწიფო მეთაურს რომ 24-საათიანი კომენდანტი გამოეცხადებინა, მე მაგალითად ვერ დავარღვევდი. ვერავის მოვუწოდებდი, მაგრამ იქ იყო ნათქვამი, რომ ეკლესიის კარი არ არის დაკეტილი და ადამიანებს არ ეკრძალებათ იქ მისვლა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. 

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.


close დახურვა