ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობას ეხმაურება და ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და ლგბტ თემის მიმართ ძალადობა მიუღებელია.
"ნიდერლანდები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებსა და კანონის აღმასრულებელ პირებს დაიცვან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს წარმოადგენს“, - წერია განცხადებაში, რომელიც ნიდერლანდების საგარეო უწყების Twitter-ზე გავრცელდა.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
საელჩოები ხელისუფლებას დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.