logo
ENG



ოთარ კახიძე: ელჩის გამოწვევამ უკვე დააზიანა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები

09 მაი 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ეხმიანება.

მისი განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევამ უკვე დააზიანა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და რაც უფრო მალე შეწყვეტს საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ამბებში ჩარევას, უკეთესი იქნება. ოთარ კახიძის განცხადებით, ქართული ოცნების ვიწროპოლიტიკური ბოღმის გამო, საქართველოს ინტერესები ზიანდება.

„ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის არის დიპლომატიური დემარში. ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და უხერხულობა შექმნა. თუკი ქართული ოცნების მხრიდან ეს სამარცხვინო ისტერიკა, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყდება, ეს იქნება მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობებისთვის. უნდა გააცნობიეროს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ უკრაინა და საქართველო  განიხილება როგორც ერთი მთლიანობა და ეს მიიღონ მხედველობაში. ნუ აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს თავიანთი ვიწროპოლიტიკური ბოღმების გამო", - აცხადებს ოთარ კახიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ელჩის გამოწვევა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს არ უნდა აჩენდეს, რადგან დიპლომატიური და სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან გაგრძელდება. მისივე განცხადებით, ელჩის გამოწვევის შემდეგ მასთან ისეთ თემებზე ისაუბრებენ, თუ როგორ დაიცვან საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ავანტიურისტებისგან.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში მყოფი საქართველს ელჩის გამოწვევა დაიყო.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ელჩის გაწვევას, ქართველების შეცდომას უწოდებს. მისი განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად ელჩს კონსულტაციაზე არ გამოიწვევდა.

close დახურვა