ქართული ოცნების წარმომადგენელი რუსთავი 2-ის ეთერში იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებების შედეგად მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუმცა, ამბობს, რომ ამ პროცესში ნაკლებად რადიკალური ოპოზიციური პარტიების იმედი უფრო მეტად აქვს.
გიორგი ამილახვარი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე პირველად ვიხილეთ ქართული ოცნების პარტიულ სიაში, ამბობს, რომ მმართველი გუნდის სურვილია, შეთანხმება ყველა ბარიერგადალახული პარტიის მონაწილეობით მოხდეს.
"ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის", - ამბობს ამილახვარი.
თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენელი სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების განსხვავებულ შანსებს ხედავს. ამილახვარი ამბობს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი იმგვარი საკითხების დაყენებით ცდილობს შეთანხმების მიღწევას, რომლებიც ქართული ოცნებისთვის წითელი ხაზია.
"არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს ამ საკითხებს არ აქვს", - ამილახვარი, სავარაუდოდ, ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას გულისხმობს, რაზეც ქართული ოცნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ ნაწილში კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.
თუმცა ქართული ოცნების ახალწვეული დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის იმ ნაწილთან მოახერხოს შეთანხმება, რომლებიც მოლაპარაკებებს "უფრო ადეკვატურად და გონივრულად ეკიდებიან".
"იქაც არის დუღილის პროცესი, ამიტომ დაველოდოთ და სწორედ ამიტომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - ამბობს ამილახვარი.
დღეს მედიასა და სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის 7 წარმომადგენელი პარლამენტში შესვლას გეგმავდა. დაუზუსტებელი ინფორმაციის საპასუხოდ, მედიას ყველა თითქმის პარტიის ლიდერმა დაუდასტურა, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმების არარსებობის პირობებში, პარლამენტში შესვლა არ იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციის ერთ-ერთმა ადრესატმა ალეკო ელისაშვილმა კი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე შესვლის წინ განაცხადა, რომ თავის პოზიციას შეხვედრის დასრულების შემდეგ დააფიქსირებდა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კი მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ამ წუთებში, უკვე 4 საათია მიმდინარეობს.
ოპოზიციის წერილობითი შეთავაზების ტექსტი რამდენიმე დღის ფორმულამ მოიპოვა და გაავრცელა. ვრცლად წაიკითხეთ აქ.