logo
ENG



ტიკარაძე: ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად

18 დეკ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე მოქმედი შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი [უწყების] "მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად".

როგორც ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ამ საკითხზე პირველი მსჯელობა კერძო სექტორთან ექნებათ. 

"ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად. ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. აქედან გამომდინარე, იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომლებიც ექნებათ ეპიდემიოლოგებს და შრომითი უსაფრთხოების სამსახურს", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 21:00 სთ-დან დაიწყო. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტა ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება. მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.

ამასთან, ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბარია იმაზე, რომ შეზღუდვები შესაძლოა არ შემსუბუქდეს. 

 

close დახურვა