ფორმულამ გაარკვია, სავარაუდოდ ვინ შექმნა გავრცელებული ფაილები. სავარაუდო ავტორები ფაილების მასალაშია ჩამოთვლილი. არსებობს ამის მტკიცებულებებიც: ზაალ ნიკოლეიშვილი, გიორგი ჩიხლაძე, აკაკი ნემსაძე, გიორგი გოგიაშვილი, შორენა შელია, ზურაბ შახაძე, გოგა ფიფია, დავით ბიჩინაშვილი.
მასალიდან ჩანს ისიც, რომ ფაილები შინაგან საქმეთა სამინისტროში არის შექმნილი.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.
ფაილებში ასევე მოხვდნენ საჯარო პირები და სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებიც, ერთ-ერთი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.
ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.
ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.