logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე 6 ადამიანს ბრალი წარედგინა

27 ივნ 202013:47
3 წუთის საკითხავი
clock 3154

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულთაგან 6 ადამიანს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. 

დაკავებულებულთა ნაწილი, რომელთაც ბრალი უკვე წაუყენეს, დანაშაულს  არ აღიარებს. 

6-დან ორი მორაგბეა - ვასილ გაგნიძე და არჩილ მახარაძე. გამოძიება ორივე მათგანს ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთას გურამ ამირხანაშვილისთვის. 

„გაგნიძეს ახლახან წარედგინა ბრალი 143-ე მუხლით და 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ის არ აღიარებს ბრალს, არ ეთანხმება ამ დადგენილებაში მოყვანილ გარემოებებს და თავს თვლის უდანასაულოდ“,-აცხადებს გაგნიძის ადვოკატი“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერაძემ.

ამავე მუხლებით ბრალი წარედგინა არასრულწლოვანს. ბრალს, მორაგბეების მსგავსად, არც ის აღიარებს. 

„ბრალდება იგივეა, ის კვალიფიკაცია და მუხლები, რომლებიც გამოყენებულია დაკავების დროს. ესაა თავისუფლების უკანონობის აღკვეთა, ძალადობა და მასში მონაწილეობა. სახელმწიფო წარმომადგენლის წინააღმდეგ რბევა, რასაც მოჰყვა აფეთქება და ა.შ. ამ ბრალდებას არ ვეთანხმებით. ჩვენ არ გადმოგვეცა მტკიცებულებები და გავაკეთეთ შენიშვნა, რომ დაუყოვნებლივ გადმოგვეცეს მასალები“, - განაცხადა არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინათ ირაკლი ჩხარტიშვილსა და საბა წაქაძეს, რომელიც ფეხბურთელი და შაქარაშვილის მეგობარია.

მეექვსე ადამიანი, ვისაც ბრალი წარედგინა, ვახტანგ ჩიქოვანია. ის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მეპატრონეა. პროკურატურა მას უკანონო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობას ედავება.

მას შემდეგ, რაც 17-ვე დაკავებულს წარედგინება ბრალი, დაინიშნება სასამართლო პროცესი. 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა