logo
ENG



ჰარცელი: კვლავ ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს

16 თებ 202216:41
3 წუთის საკითხავი
 
ჰარცელი: კვლავ ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს
ფორმულა/ვახო ქარელი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ჯერ კიდევ ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზს, თუ რატომ დაიშალა მოულოდნელად და ნაჩქარევად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. გარდა ამისა, ჰარცელი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

"ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლობა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას, ჰარცელი ამბობს:

"გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად".

15 თებერვალს პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია. 

საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის უწყებას - ლელა ჯანაშვილი.

ამ დრომდე კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 

აღნიშნული ორი უწყება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალეს. 

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.

გასული წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება. 

კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ისე სახალხო დამცველმა

სახელმწიფო ინსპექტორს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ უწყების დაშლა მიხეილ სააკაშვილის საქმეს უკავშირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია. თუმცა სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა


close დახურვა