ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ასეთი ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის.
"მკვლელობის მცდელობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ, როგორც ქვეყანა, მხარს ვუჭერთ", – განაცხადა ბაიდენმა.
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო სროლის შედეგად დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს.
მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.