logo

2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ვენები დაიზიანა - ბაჩალიაშვილის მეგობრის ჩვენება

clock 35 clock 5241 clock 06 სექ 202017:42

თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენების თანახმად, გარდაცვლილმა პროგრამისტმა სკოლის პერიოდში თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. 

კაპანაძე თავის ჩვენებაში ამბობს, რომ სუიციდის მცდელობის შესახებ ბაჩალიაშვილმა მას 3 წლის წინ უამბო. ამასთან, პროგრამისტის მეგობარი არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილი სახლიდან ვიღაცის თხოვნით წასულიყო, მათ შორის თეთრიწყაროში, თუმცა კაპანაძეს არ სჯერა, რომ ეს შეიძლება მამრობითი სქესის წარმომადგენლის თხოვნით მომხდარიყო. 

"თავდაპირველად მე განგიცხადეთ, თითქოსდა თამარის მიერ წარსულში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი შევიტყე მისი თანაკლასელებისა და ჩემი მეზობლისგან. სინამდვილეში აღნიშნული შევიტყვე თამარ ბაჩალიაშვილისგან 3 წლის წინ. ასევე მოგახსენებთ, რომ რა თემას მოჰყვა ხსენებული საუბარი, არ მახსოვს. თუმცა მახსოვს, რომ თამარმა მომიყვა იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ერთხელ მან დაიზიანა ვენები და იხსენებდა, რომ ძალიან რცხვენოდა თანაკლასელებისა და დაზიანებულ ხელებზე იფარებდა ქურთუკსა და გრძელსახელოებიან მაისურებს, რომ ვინმეს არ შეემჩნია დაზიანებები. თამარი არის გულჩვილი და ამავდროულად მშიშარა ადამიანი. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის თხოვნით და დახმარების მიზნით თამარი წასულიყო უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ეს იქნებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ვინაიდან თამარი არის მშიშარა და ამის გამო ადვილად არავის ენდობოდა. მით უფრო მამაკაცს, რომლის გამოც შეიძლება ქალაქიდან გასულიყო", - წერია დეა კაპანაძის ჩვენებაში. 

აღნიშნული ჩვენება ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს გაასაჯაროვა. რამიშვილი ამბობს, რომ დეა კაპანაძემ გამოძიებას რამდენჯერმე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, დეა კაპანაძის პირველი ჩვენების მიხედვით, ბაჩალიაშვილმა იმის შესახებ, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა, მის კლასელს, ანა ჭანკვეტაძეს უთხრა და მას ამის შესახებ ინფორმაცია მისგან აქვს. თუმცა, შემდეგ კაპანაძემ ჩვენება შეცვალა. ადვოკატის თქმით, გამოძიება იყენებს დეა კაპანაძეს, რათა თვითმკველობის ვერსია განამტკიცოს. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. ასევე, 4 სექტემბერს უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას წამლები თვითმკვლელობის მიზნით არ შეუძენია და ამ მედიკამენტების ყიდვა აიძულეს. 

ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე 25 აგვისტოს პროკურატურაში გამოკითხეს. საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი და ოჯახის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი. ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, დეა კაპანაძე მასთან შეხვედრას გაურბის და რაღაცას მალავს. 

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა