logo
ENG



2021 წლის მთავარი გლობალური მოვლენები, რომლებიც ისტორიას დარჩება
02 იან 202222:36
2111

დაახლოებით 1 წლის წინ, როცა სხვადასხვა ლექსიკონი და გამოცემა 2020 წლისთვის შესაბამის სიტყვას ეძებდა, ამერიკელმა ავტორმა და ჟურნალისტმა, არიანა ჰაფინგტონმა, ტენდენციიდან გადაუხვია და 2021 წლისთვის შეარჩია სიტყვა. მისი აზრით "სიმტკიცე" (Resilience) იქნებოდა 2021 წლის შესაფერისი, რადგან ეს სიტყვა თავის თავში იმედს, რწმენას, მოქნილობასა და შესაძლებლობებს მოიცავს.

2021 წელს ამერიკის მოქალაქეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, ტრამპი ბაიდენმა ჩაანაცვლა, ავღანეთის სათავეში თალიბანი დაბრუნდა, უკრაინა არაერთხელ აღმოჩნდა ომის საშიშროების წინაშე, კორონავირუსმა კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა გაჩნდა პანდემიასთან ბრძოლის არაერთი იარაღიც - მასშტაბურმა ვაქცინაციამ იხსნა უამრავი ადამიანი, შეიქმნა მედიკამენტიც. ოლიმპიური თამაშები, მართალია ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩატარდა, ადამიანი კი კოსმოსს კიდევ უფრო მიუახლოვდა. 

2021 სავსე იყო მოულოდნელი, ტრაგიკული, საშიში, თუმცა ასევე დამაიმედებელი, სანუგეშო და აღტაცების მომტანი ამბებით. ჰაფინგტონის ვარაუდი პანდემიის ფონზე ნაწილობრივ მაინც გამართლდა. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი და ამ შემაჯამებელ სტატიაში მოყოლილი ამბები ემოციების სპექტრზეა გაბნეული და მრავალფეროვანი, ტურბულენტური, სევდიანი და დამაიმედებელი 2021 წლის ერთ ნებისმიერ სიტყვაში მოხელთების სირთულეს ცხადჰყოფს.

კორონავირუსი

2021-იც პანდემიური წელი იყო მსოფლიოსთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს კორონავირუსს მსოფლიოში 3.4 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში კი 190 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. დღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 414 278 შემთხვევა 27 დეკემბერს, აშშ-ში დაფიქსირდა. 

ფოტო: BBC

პანდემიის თითქმის 2 წლიან პერიოდში კორონავირუსის არაერთი ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. დელტა ვარიანტი, რომელიც 2020 წლის ბოლოს, პირველად ინდოეთში გამოჩნდა დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის დომინანტური შტამია. 2021 წლის ნოემბრის ბოლოს კი სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა კორონავირუსის კიდევ ერთი, საყურადღებო ვარიანტი - ომიკრონი, რომელიც ხშირი მუტაციებისა და სწრაფი გავრცელების მიუხედავად, სუსტი სიმპტომებით ხასიათდება. ამ დროისთვის ომიკრონი მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დადასტურებული. 

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი ვაქცინაციის კამპანია სწორედ კოვიდ-19-ს უკავშირდება.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა პირველად ფაიზერის ვაქცინას 2020 წლის 31 დეკემბერს მისცა, 2021 წლის ბოლოსთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასტური გამოყენებაზე 10 კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა აქვს მიღებული.  შესაბამისად, ალბათ მოსალოდნელიც იყო და ლოგიკურიც რომ Merriam-Webster-ის ლექსიკონმა 2021 წლის სიტყვად “ვაქცინა” დაასახელა. 

ფოტო: National Geographic                             

გლობალურად ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 8 დეკემბერს. გაერთიანებული სამეფოდან დაიწყო. 2021 წლის ბოლოსთვის კი  8.75 მილიარდი აცრა  მსოფლიოს 184 ქვეყანაშია ჩატარებული. აცრების ყველაზე დიდი წილი ფაიზერის ვაქცინაზე მოდის. ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის 48% სრულად, 9% კი ნაწილობრივაა ვაქცინირებული. 

გარდა ვაქცინებისა, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ფარმაცევტულმა კომპანიებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატზეც დაიწყეს მუშაობა. 

ფოტო: CNS

კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტზე მუშაობდა კომპანია ფაიზერი და ბიოენტექიც. მათ მიერ შექმნილი მედიკამენტი - პაქსლოვიდი კომპანია Merck-ის შექმნილ მოლნუპირავირთან შედარებით უფრო მაღალეფექტიანია და დაავადების მძიმედ განვითარების წინააღმდეგ და ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს 89%-ით ამცირებს. 

22 დეკემბერს აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდის მკურნალობისთვის Pfizer-ის ანტივირუსულ აბებს - Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა.

პოლიტიკა

2021 წელს არაერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, სამთავრობო ცვლილებასა და კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.

აშშ

ფოტო: Reuters

ფოტო: Win McNamee/Getty Images

ამერიკაში 2021 წელი ხმაურით დაიწყო.  6 იანვარს, შუადღით, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც აშშ-ის კონგრესის ორივე პალატა საარჩევნო დელეგატების ხმების დასათვლელად და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დასადასტურებლად შეიკრიბა. 

დემონსტრანტების კონგრესის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი. კაპიტოლიუმის შენობაში ლოკდაუნი გამოცხადდა, ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. 


ფოტო: Andrew Harnik/Pool/AP

შემთხვევიდან 2 კვირაში,  20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიაზე კორონავირუსისა და კაპიტოლიუმის ინციდენტის გამო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. ინაუგურაციის დღეს თეთრ სახლს 25 000-მდე ჯარისკაცი იცავდა, ფიცის დადების ცერემონიას კი 100-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის არ იყვნენ დონალდ და მელანია ტრამპები. 

ფოტო: setav.org

“ამერიკა დაბრუნდა” - ეს იყო ჯო ბაიდენის მთავარი დევიზი მისი გამარჯვების შემდეგ და სწორედ ამ სიტყვებით მიმართა მან მსოფლიო ლიდერებს თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების ონლაინ-კონფერენციაზე გამოსვლისას. 

ბაიდენმა მკვეთრი ხაზები გაავლო საერთაშორისო ურთიერთობებში ტრამპის პოლიტიკასთან. მან  ევროპასა და NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა და შეაჩერა ჯარების გამოყვანა გერმანიიდან, რითაც ხელახლა დაუჭირა მხარი კოლექტიურ თავდაცვას.

ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) დაბრუნება და კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსური დახმარება იყო. თებერვალში ამერიკამ 2 მილიარდი დოლარი გადასცა COVAX პლატფორმას.

ბაიდენის გადაწყვეტილებით ამერიკა დაუბრუნდა პარიზის შეთანხმებას და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა.

ბაიდენმა ამავე კონფერენციაზე გააკრიტიკა რუსეთი და კიდევ ერთხელ ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ არაერთხელ გამოხატა.

წლის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ რუსეთს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერის მიზნით ბაიდენის შესახებ დეზინფორმაციის კამპანიაში მონაწილეობისთვის. ABC-თან ინტერვიუში კი მან ღიად თქვა, რომ პუტინი მკვლელად მიაჩნია. 

ამავე კონფერენციაზე ბაიდენმა ისაუბრა ავღანეთში 20-წლიანი ომის დამთავრების აუცილებლობაზეც.

ავღანეთი

ფოტო: Financial Times

ჯო ბაიდენმა 15 აპრილს გამოაცხადა, რომ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი ავღანეთში 2021 წელს დასრულდებოდა და აშშ ავღანეთიდან ჯარებს სექტემბრამდე გაიყვანდა. ბაიდენის თქმით, ავღანეთის ხანგრძლივი და უკონტროლო კონფლიქტი აღარ ემთხვეოდა ამერიკის პრიორიტეტებს. ვაშინგტონმა ჯარების გაყვანა ოფიციალურად პირველ მაისს დაიწყო, ივლისიდან კი ავღანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ თალიბანის შეტევები გახშირდა.  

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი საბოლოოდ 15 აგვისტოს, ქაბულის დაკავების შემდეგ დაამყარა. პრეზიდენტის სასახლის დაკავების შემდეგ ავღანეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ თალიბანს ძალაუფლება გადააბარა. პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა

15 აგვისტოს 60-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იმ უცხოელებსა და ადგილობრივებს, ვისაც ქვეყნის დატოვება სურდათ, ამის შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ.

ფოტო: BBC

ფოტო: CNN

15 აგვისტოდან დაიწყო ე.წ ქაბულის საჰაერო ტრანსპორტირება. ათასობით უცხოელმა და ავღანეთის მოქალაქემ ქვეყნის დატოვების სურვილით ქაბულის აეროპორტში მოიყარა თავი. მიუხედავად ხშირი რეისებისა ყველასთვის საკმარისი ადგილი არ მოიძებნა, ამიტომ სასოწარკვეთილი ადამიანები ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თვითმფრინავში თუ თვითმფრინავზე მოხვედრას.

26 აგვისტოს კი აეროპორტის ერთ-ერთ გასასვლელთან თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმისას 170 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ავღანეთის მოქალაქე იყო, ვინც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. 

31 აგვისტოს ამერიკამ საკუთარ ჯარებთან ერთად ავღანელების ევაკუაციაც დაასრულა. ამერიკამ და NATO-ს ქვეყნებმა ავღანეთიდან 123 000-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს, თუმცა უცნობია მათ შორის რამდენი ავღანელი იყო. 

ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა 7 სექტემბერს მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. ლიდერი მოლა მუჰამედ ჰასან ახუნდი გახდა. ის გაეროს შავ სიაშია. 

ავღანეთის ამჟამინდელი მთავრობის წევრების ნაწილს კავშირი აქვს ტერორისტულ დაჯგუფება ალ ქაიდასთან და FBI-ის მიერ ძებნილადაა გამოცხადებული. 

NATO-მ აგვისტოს შემდეგ ავღანეთს ეკონომიკური დახმარება შეუწყვიტა. ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა და ქვეყანას საერთაშორისო ფინანსური დახმარება შეუწყდა. 

ფოტო: BBC

ქვეყნის სათავეში თალიბანის დაბრუნებასთან ერთად, 90-იანი წლების გამოცდილების გამო  ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გონივრული შიში გაჩნდა. ბოლო რამდენმე თვეში ქალებისთვის დაწესებული შეზღუდვები ნამდვილად ამის დასტურია. 

მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ხელში თალიბანმა ჩაიგდო ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ქალების გარდა ყველას მუშაობის შეწყვეტა და სახლში დარჩენა მოუწია. საშუალო სკოლების უმეტესობა გოგონებისთვის დღემდე დახურულია, ქალების დიდ ნაწილს კი მუშაობა კვლავ აკრძალული აქვს. 

სექტემბერში უმაღლესი განათლების ახალმა მინისტრმა განცხადა, რომ ქალებმა უნდა შეძლონ განათლების მიღება, თუმცა კაცების გვერდით - არა. დეკემბრის მიწურულს კი ტერორისტულმა დაჯგუფებამ ავღანელ ქალებს შორ მანძილზე ტრანსპორტით დამოუკიდებლად გადაადგილება აუკრძალა. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის, ეს უკანასკნელი შეზღუდვა  ქალების ტყვეებად ქცევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

ისრაელი - პალესტინა

ფოტო: Getty Images

მაისში, დაახლოებით 1-თვიანი დაძაბული სიტუაციის შემდეგ ისრაელსა და პალესტინას შორის ბოლო წლების ყველაზე სისხლიანი 11-დღიანი კონფლიქტი დაიწყო. ეპიცენტრი კვლავ იერუსალიმი იყო. კულმინაცია მუსლიმებისა და ებრაელებისთვის წმინდა ადგილად მიჩნეულ ალ-აქსას ტაძართან დაპირისპირება იყო. ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით ჰამასმა ისრაელს ცეცხლი გაუხსნა. 

ისრაელის ინფორმაციით, 11-12 მაისს ჰამასმა თელავივის მიმართულებით 130 საჰაერო რაკეტა გაუშვა. 14 მაისს კი ისრაელმა ღაზას სექტორზე მიიტანა იერიში. 

საბრძოლო მოქმედებებს 255 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა ღაზას ტერიტორიაზე მყოფი პალესტინელები იყვნენ. ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 21 მაისს დაიდო.

ბელარუსი - პოლონეთი

ფოტო: BBC

ფოტო: The Independent 

ამ წლის ერთ-ერთი საყურადღებო მოვლენა ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან მიგრანტების კრიზისი იყო. მიგრანტებმა, რომელთა უმეტესობა შუა აღმოსავლეთიდან და აზიიდანაა, შეგროვება ბელარუსის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებთან ივლისიდან დაიწყეს. ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ევროპის ქვეყნებში უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო ცდილობდნენ. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ბრუზგი-კუზნიცას მოსაზღვრე რეგიონში დაახლოებით 2000 ადამიანი იყო თავმოყრილი. მიგრანტების უმეტესობა ღამეს ღია ცის ქვეშ ატარებდა. გაუსაძლის პირობებს არაერთი მათგანი ემსხვერპლა. 

დასავლელი ლიდერები ბელარუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან მიგრანტების კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ამხელენ. მათი თქმით, ეს ლუკაშენკოს მთავრობის პასუხია ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე. ცნობისთვის, ევროკავშირში პოლონეთის საზღვართან მიგრანტების კრიზისის საპასუხოდ, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაზრდაც განიხილებოდა.

ფოტო: The Guardian 

16 ნოემბერს საზღვართან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, როცა კუზნიცას რეგიონში, მიგრანტები პოლონეთის თავდაცვის ძალებს თავს დაესხნენ. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრანტებმა პოლონელ სამხედროებს და ოფიცრებს ქვები დაუშინეს და სასაზღვრო ღობის განადგურებით პოლონეთში შეღწევა სცადეს. ინციდენტის შემდეგ ბელარუსის ძალებმა მიგრანტები დროებით ახლომდებარე საწყობში შეასახლეს, რაც სიტუაციის დეესკალაციად განიხილებოდა.

ბელარუსის ავტორიტარმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 19 ნოემბერს, BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის ძალები მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარნენ.

ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ ბელარუსში მიგრირებული მოქალაქეები სპეციალური ავიარეისით სამშობლოში დააბრუნა. ამის მიუხედავად ბელარუსში ამ დრომდე დაახლოებით 5 000 მიგრანტი რჩება. 

სომხეთი - აზერბაიჯანი

ფოტო: BBC

2021 წლის მანძილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორისაც. ზაფხულის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს. სომხეთ-აზერბაიჯანის გეღარქუნიქისა და ქალბაჯარის საზღვარზე 26-28 ივლისს შეტაკებები მიმდინარეობდა. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ. 28 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო, თუმცა, 29 ივლისსა და აგვისტოში კვლავ დაირღვა. 

ნოემბერში საზღვართან სიტუაცია კვლავ მკვეთრად დაიძაბა. 8-15 ნოემბერს საზღვარზე შეიარაღებული თავდასხმის რამდენიმე ინციდენტი იყო. 16 ნოემბერს კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ შეტაკებას ჰქონდა ადგილი. 

სომხეთის ხელისუფლების განცხადებით შედეგად 15-მდე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, 12 სომეხი სამხედრო კი მძევლად აიყვანეს. 16 ნოემბერს, გვიან ღამით, მხარეები რუსეთის  შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

ფოტო: RFERL

27 ნოემბერს კი სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებით გადაწყდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციისთვის შესაბამისი კომისია შეიქმნება. მხარეთა მიმართვის შემთხვევაში კი პროცესში რუსეთიც ჩაერთვება. 

აღსანიშნავია, რომ 19 დეკემბერს აზერბაიჯანმა, ევროკავშირის შუამდგომლობით, სომხეთს ქალბაჯარის რეგიონში ტყვედ ჩავარდნილი 10 სამხედრო გადასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართული სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში.

უკრაინა - რუსეთი

ფოტო: BBC

2021 წელს უკრაინა რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდა. მარტში რუსეთმა, წვრთნების საბაბით, ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 000 რუსი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა მიიყვანა. 

უკრაინის ინფორმაციით, რუსეთმა აპრილში ცეცხლის შეწყვეტის მინსკის შეთანხმება რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაარღვია. შეტაკებებს რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. 

2021 წლის 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შაიგუმ თქვა, რომ გადაწყვიტა "მოულოდნელი შემოწმების" დასრულება, ვინაიდან ყველა მიზანი მიღწეულია". თუმცა 6 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით რუსეთმა მხოლოდ ოკუპირებული ყირიმიდან გაიყვანა სამხედროების ნაწილი - 3 500 ჯარისკაცი.

ფოტო: Reuters

უკრაინას მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირველად ივნისში, ჟენავაში შეხვდა. ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეხვედრისას მათ უკრაინის საკითხიც განიხილეს და მან საკუთარი შეშფოთება დააფიქსირა.

ნოემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვართან 100 000 რუსი სამხედრო იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოსთვის მათი რიცხვი 175 000-მდე იყო გაზრდილი. ამერიკული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში გეგმავდეს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ევროპარლამენტარებმა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდეს სიტუაციის დეესკალაციისა და მინსკის შეთანხმების ერთგულებისკენ. უკრაინისადმი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს მასშტაბური სანქციების დაკისრებით ემუქრება. 

8 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ონლაინ-შეხვედრა გამართეს. საუბრის მთავარი თემა სწორედ უკრაინა და მის საზღვართან რუსული ჯარების განთავსება იყო.

პოლიტიკური ფიგურები

2021 წელს ჩვენი ყურადღება რამდენიმე პოლიტიკოსის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა და სამთავრობო ცვლილებებმა მიიპყრო. 

ალექსეი ნავალნი

ფოტო: TASS

2021 წლის იანვარში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნი სასჯელს რუსეთში, იძულებითი შრომის კოლონიაში იხდის. მან 2021 წლის მარტში ხანგრძლივი შიმშილობა დაიწყო, რითაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტა.

ალექსეი ნავალნი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით 2021 წლის სახაროვის პრემიის მფლობელი გახდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ფოტო: The Times of Israel 

ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში არჩევნები ოთხჯერ მთავრობის ვერდაკომპლექტების გამო ჩატარდა. მარტში გამართული არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირება იმ დროისთვის ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაევალა, თუმცა მან პარლამენტში საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოიპოვა. 

ამჟამინდელი მთავრობა არჩევნებში რიგით მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის ლიდერმა იაირ ლეპიდმა მოახერხა. ისრაელის 8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას დროის ამოწურვამდე 38 წუთით ადრე 3 ივნისს მიაღწიეს.

მთავრობა დამტკიცების შემდეგ კი ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტს 12 წლის განმავლობაში იკავებდა, თანამდებობა დატოვა. ქვეყნის ახალი პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა. 

ნიკოლა სარკოზი

ფოტო: Reuters

2021 წლის სექტემბერში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის არალეგალურად დაფინანსების გამო, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

66 წლის ფრანგ პოლიტიკოსს საარჩევნო კამპანიაში კანონით დაშვებულ ბიუჯეტზე ათობით მილიონი ევროს გადაჭარბებით დახარჯვას ედავებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ  სასამართლოს გადაწყვეტილებით სარკოზი სასჯელს ციხის ნაცვლად სახლში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს. 

ანგელა მერკელი

ფოტო: BBC

წელს 31-წლიანი პოლიტიკური კარიერა დაასრულა ანგელა მერკელმა. ის გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერი იყო და ამ პოზიციას 16 წლის განმავლობაში იკავებდა. მერკელი 3 დეკემბერს უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს.

8 დეკემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი 395 ხმით გერმანიის ახალ კანცლერად აირჩია. შოლცი მერკელის ხელისუფლების პირობებში ვიცე-კანცლერი იყო. ის სამი პარტიისგან დაკომპლექტებულ საპარლამენტი კოალიციას უხელმძღვანელებს.

სპორტი 

აღსანიშნავია, რომ შარშან, პანდემიის გამო გაუქმებული არაერთი სპორტული ღონისძიება წელს წარმატებით გაიმართა. 

ფოტო: The New York Times

2021 წლის მთავარი სპორტული მოვლენა ოლიმპიური თამაშები იყო, რომელიც 1 წლის დაგვიანებით ტოკიოში ჩატარდა. 23 ივლისს ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. პანდემიის გამო, იაპონიამ უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღო და არცერთ სპორტულ შეჯიბრს მაყურებელი არ ესწრებოდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 93 ქვეყნის 203-მა გუნდმა მიიღო. ყველაზე მეტი, 113 მედალი კი ამერიკამ მოიპოვა.

იხილეთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საუკეთესო მომენტები: 

2020 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშები კი 2021 წლის ზაფხულის მიწურულს დაიწყო. სპორტსმენები ერთმანეთს სპორტის 22 სახეობაში ეჯიბრებოდნენ. პარაოლიმპიურ თამაშებში ყველაზე მეტი მედალი ჩინეთმა მოიპოვა. 

ფოტო: UEFA 

ასევე პანდემიის მიზეზით 1 წლის დაგვიანებით, 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც 11-მა ქვეყანამ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ სწორედ პანდემიური ფონის გამო ჩემპიონატზე პირველად დაინერგა ე.წ ვიდეო მსაჯის სისტემა. 24 გუნდს შორის გამართული 51 მატჩის შემდეგ კი ჩემპიონატის გამარჯვებული იტალია გახდა.

კოსმოსის ამბები

13 დეკემბერს პრესტიჟულმა ჟურნალმა Time-მა 2021 წლის ადამიანად ილონ მასკი დაასახელა. ის ამ დროისთვის დედამიწაზე ყველაზე მდიდარი ადამიანია და ელექტრონული მანქანების კომპანია Tesla-სა და აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ის ფლობს.

გამოცემა Time-ის მთავარი რედაქტორის თქმით “მასკი არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი გავლენა აქვს დედამიწასა და პოტენციურად დედამიწის მიღმა ცხოვრებაზე”.

2021 წლის დასაწყისში სწორედ მასკის SpaceX-მა კოსმოსში ერთი რაკეტით ყველაზე მეტი 143 სხვადასხვა ზომის სატელიტი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ამ რაკეტაზე თავად SpaceX-ის 10 სატელიტი იყო, რომლებიც Starlink-ის ტელეკომუნიკაციის მეგათანავარსკვლავედს შეუერთდნენ.  

ასევე აღსანიშნავია, რომ NASA-მ ამ წლის აპრილში სწორედ SpaceX აირჩია იმ კომპანიად, ვინც მთვარის შემდეგი მისიისთვის ხომალდს ააშენებს. ამ მისიით  მთვარეს მიმდინარე დეკადაში პირველი ქალი ეწვევა.

 

ფოტო: space.com

სექტემბერში 4 მოყვარული ასტრონავტი SpaceX-ის რაკეტით დედამიწის ორბიტაზე კერძო, 3-დღიანი მისიით წავიდა. Inspiration 4-ის წევრი ერთი მილიარდერი და 3 “ჩვეულებრივი მოქალაქე” იყო, რაც კოსმოსის ტურიზმში ახალ მიღწევად მიიჩნევა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ წლის ივლისში ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი და ჯეფ ბეზოსიც გასცდნენ დედამიწის ატმოსფეროს საკუთარი კოსმოსური ხომალდებით. ბეზოსის კაფსულით იმყოფებოდნენ ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი ადამიანები, ვინც დედამიწის საზღვრებს გასცდა.

მთელი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და წარმატებული მისია ჰქონდა ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს - NASA-ს. 

ფოტო: NASA

თებერვალში NASA-ს რობოტი, სახელად Perseverance პლანეტა მარსზე, კრატერ ჯეზეროს სიახლოვეს დაჯდა. მისი მთავარი მისია პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნებისა და მიკრობული არსებების მოკვლევა და პლანეტის გეოლოგიისა და წარსულის კლიმატის შესწავლაა. Perseverance პლანეტაზე მინიმუმ 1 მარსიანულ წელს გაატარებს, რაც დედამიწისთვის დაახლოებით 2 წელს უდრის

პირველ ივნისს NASA-მ Perseverance-ის 100 დღიანი ვოიაჟის შემდეგ მარსზე გადაღებული პირველი ფოტოები გაავრცელა.

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ 15 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ისტორიაში პირველად კოსმოსურმა ხომალდმა მზის გარე ატმოსფეროში გაიარა. პარკერის მზის მკვლევარმა (Parker Solar Probe) ვარსკვლავის გარე რეგიონში, რომელსაც კორონას უწოდებენ მცირე დრო აპრილში დაყო, თუმცა მონაცემების ნამდვილობა დეკემბერში დადასტურდა. 

ფოტო: Space.com/ Parker Solar Probe-ის გადაღებული ფოტო

მან უდიდეს სიცხესა და რადიაციას გაუძლო და მზის ფუნქციონირების შესახებ ახალი ინფორმაცია შეაგროვა. 

წლის მიწურულს კი NASA-მ  კოსმოსში პლანეტის დასაცავი პირველი სატესტო მისია  Dart - “ასტეროიდის მიმართულების შეცვლის ორმაგი ტესტი” გაუშვა. მისიის მიზანი ასტეროიდებისთვის ორბიტისა და მოძრაობის მიმართულების შეცვლით მომავალში დედამიწის ასტეროიდების საფრთხისგან დაცვაა.

Dart ეცდება ორბიტა და მოძრაობის მიმართულება შეუცვალოს ასტეროიდს სახელად დიმორფოსს, რომელიც საფეხბურთო სტადიონის ზომისაა, თუმცა დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

2021 წლის მიწურულს ნავალნი კვლავ პატიმრობაშია, ბელარუსში მყოფი მიგრანტებისა და უკრაინის ბედი ჯერაც გაურკვეველია, ავღანეთი კიდევ უფრო იზოლირდება დანარჩენი სამყაროსგან, პანდემიაც გამოწვევად რჩება. ვიმედოვნებთ, რომ 2022 წელს ეს და სხვა გლობალური პრობლემები წარსულად იქცევა, ჩვენ კი ბევრ ახალ წარმატებაზე მოგიყვებით.

ფორმულას გუნდი 2022 წელს სიმტკიცის გარდა სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ.

close დახურვა