პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება და ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი აცხადებენ, რომ დღეს 20:00 საათზე პარლამენტის წინ ჩაატარებენ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ძალადობრივი ჯგუფები ბორჯომში ცდილობდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციაზე ისაუბრებენ სიტყვის თავისუფლებაზე.
„ბანაკის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, გადავწყვიტეთ, ფართო მასას მივცეთ შესაძლებლობა - დაესწროს ჩვენს აქტივობას.
დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ჩავატარებთ იმ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ცდილობდნენ.
ძირითადად ვისაუბრებთ სიტყვის თავისუფლებაზე და დავიკიდებთ ხალხს, ვინც აქტიურად ებრძვის ამ ინსტიტუტს.
ღმერთი შეეწიოს ყველას, ვინც ჩვენს გაჩუმებას ეცდება.“ - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ - გავრცელებულ ვიდეო კადრების მიხედვით, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც იმყოფებიან.
ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.