logo
ENG



მიტროპოლიტი გერასიმე: უწმინდესობის ლოცვა-კურთხევას ვასრულებთ და ვიზიარებთ საპატრიარქოს რეკომენდაციას

16 აპრ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 

სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებიან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. მიტროპოლიტი გერასიმე ამბობს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და საპატრიარქოს რეკომენდაციას ასრულებს. მისივე თქმით, სააღდგომო ღვთისმსახურება, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ - ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძარში ჩატარდება.

„ვიცავთ რეკომენდაციებს, რომელიც არის მოცემული, ანტისეპტიკური ხსნარი გვაქვს შემოსასვლელში, გვაქვს ხელთათმანები, პირბადეები და ასე შემდეგ. ვიცავთ დისტანციას“, - აცხადებს მიტროპოლიტი.

ამასთან სასულიერო პირი ამბობს, რომ ადამიანებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მოწოდებებიც უნდა გაითვალისწინონ.

„ძალიან რთულია საღამოს 09:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ყოფნა. ვისაც ექნება სურვილი, მოვა და იქნება ტაძრის ტერიტორიაზე. მე ვარ საპატრიარქოს წარმომადგენელი და არ მაქვს უფლება რომ არ გავიზიარო. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევას ვასრულებთ და ვიზიარებთ საპატრიარქოს რეკომენდაციას“, -განაცხადა მიტროპოლიტი გერასიმემ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება

 

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. 

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 


close დახურვა