logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: მარნეულისა და ბოლნისის ბიუჯეტიდან ეპარქიები საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე 1,5-ჯერ მეტად დაფინანსდა

24 აპრ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 
337nw2yygvl53h0.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მიერ ეპარქიის ოფიციალურმა დაფინანსებამ 1.45 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ჯანდაცვის პროგრამაზე 924 ათასი ლარი დაიხარჯა.

„მიუხედავად კარანტინის გამოცხადებისა, მარნეულში და ბოლნისში რიტუალების აღსრულება დროებით არ შეუწყვეტიათ;

მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია ვირუსის საფრთხეების შესახებ, რომლის მიწოდებაც საზ. ჯანდაცვის პროგრამას ევალებოდა.

ამ მუნიციპალიტეტებში 16,000 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთა მდგომარეობა ახლა კიდევ უფრო დამძიმდა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

ბოლნისი და მარნეული 23 მარტიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმში არიან გადასულები, რადგან სწორედ ამ ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო ქვეყანაში ვირუსის პირველი შიდა გადაცემის ფაქტი. მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვს.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა