დღეს საგანგებო მდგომარეობის ბოლო დღეა. ღამის 00:00 საათიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი დასრულდება და მოქალაქეებს როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ. თუმცა ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები. მათ შორის ავტომანქანით სამი კაცის გადაადგილების შეზღუდვა.
ამ ყველაფრის ფონზე მთავრობა უფლებამოსილებას იზრდის და შეზღუდვების დაწესების უფლებას საგანგებოს მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იტოვებს. შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში ამ წუთებში უნდა დაიწყოს.
ცნობილია ისიც, რომ გუშინ კონსულტაციები გაიმართა სახალხო დამცველსა და მმართველ გუნდს შორის. პარტიის წარმომადგენლების თქმით, მათ გაითვალისწინეს ნინო ლომჯარიას რეკომენდაციები და შესაბამისი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაიწერება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შეზღუდვებს ექნებათ მხოლოდ დროებითი ხასიათი. კონკრეტული ვადების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტში დღეს განიხილება.
"შედგა კომუნიკაცია სახახლო დამცველთან. მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია, ანუ ჩაშლილია ყველა ის დეტალი, სადაც კითხვის ნიშნები იყო და გამოითქვა პრეტენზიები სესიაზეც, რაც ჰქონდა სახახლო დამცველს. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და უკვე წარმოდგენილია სახეცვლილი, მეტად დაზუსტებული ვარიანტი ამ კანონპროექტის. რაც შეეხება ვადას, ჩვენ დღეს გვაქვს საბჭოს სხდომა. ეპიდემიოლოგებთან ერთად გავივლით ამ საკითხს, რომ ეს იყოს გონივრული და კანონპროექტმა მთავარ მიზანს მიაღწიოს",-აცხადებს კანონპროექტის ავტორი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
მმართელი გუნდის მტკიცებით, კანონპროექტი დაბალანსებულია და რაც მთავარია, ღონისძიებები გატარდება კონკრეტული ვადის ფარგლებში. როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანდრი ოხანაშვილი აცხადებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულადაა გათვალისიწნებული.
"შევხვდით ნინო ლომჯარიას და გავიარეთ მისი შენიშვნა-რეკომენდაციები. მისი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულად აისახა უკვე კანონპროექტში და შესაბამისად მაქსიმალურად დახვეწილი, დაბალანსებული მოდელი მივიღეთ. მნიშვნელელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ესაა დროებით გასატარებელი ღონისძებები. გუშინ უკვე აღინიშნა, რომ იქნება კონკრეტულ ვადაზე მითითება და დათქმა, რომ ჩვენ ღონისძიებებს ვიღებთ დროებით",-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, ახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
