ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ჩამონათვალს საბჭო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
როგორც საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ჩამონათვალშია ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან აპირებს.
სიაში მოსახვედრად ქვეყნები რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორისაა Covid 19-ის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი და მონაცემთა ხელმისაწვდომობა, ასევე, ინფიცირებულთა მაჩვენებლის კლების დინამიკა.
სიის გამოქვეყნებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. მანამდე სახელმწიფოს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველოს რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღედგინა.
ოფიციალური სიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე ანალოგიური სია გამოაქვეყნა გამოცემა BBC-იმ.