„ჩემი შეხედულებით, გიორგი შაქარაშვილი არის პირდაპირ ძალადობის ან ძალადობისგან თავის დაღწევის მსხვერპლი. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გარდაცვალების მაპროვოცირებელი ადამიანური ფაქტორია“, - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.
მან სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ მომხდარის საკუთარ ვერსიებზე ისაუბრა. ყიფშიძე ფიქრობს, რომ შაქარაშვილი სხვა ადგილზე იქნა მოკლული, შემდეგ კი, ცხედარი წყალში მოათავსეს. მისი თქმით, შესაძლებელია ცხედარი წყლის ფსკერზეც ყოფილიყო დამაგრებული, რომ დროზე ადრე არ ეპოვნათ.
„ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანური ფაქტორი არის მაპროვოცირებელი მისი გარდაცვალების. ეს ადამიანი იმყოფებოდა მდორე წყალში ამდენი ხნის განმავლობაში და შესაბამისად, არც დინებას, არც წყალს არანაირი მკვეთრი ზემოქმედება არ მოუხდენია. ხომ შეეძლო მაგალითად, რომ წაეღო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ცხედარი ჩადეს ამ წყალში და არ გამოვრიცხავ იმას, რომ დაამაგრეს წყლის ფსკერზე, რომ დროზე ადრე ზემოთ არ ამოტივტივებულიყო. ყველა მასალით, რომელიც მოვიპოვეთ, ცალსახად ჩანს, რომ როცა ადამიანი წყალში იხრჩობა, 24 საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა ამოტივტივდეს, ამ ადამიანს კი, 4 დღე ეძებდნენ. აქ მეორე ვერსიაც შეიძლება იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი სადმე სხვაგან ჰყავდათ, შემდეგ ცხედარი მოიტანეს და წინა დღით ან ორი დღით ადრე წყალში მოათავსეს“, - განაცხადა ადვოკატმა.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.