logo
ENG



ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე: საფუძველი არაა, რომ ვინმეს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენონ ბრალი

13 ივლ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები დაიბარეს, რომლებსაც საგამოძიებო უწყებაში საქმის მასალები უნდა გადაეცეთ. 

ადვოკატები გამორიცხავენ, რომ საქმეში დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდეთ. როგორც დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე აცხადებს, საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება არაა, რომ ვინმეს 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წაუყენონ ბრალი. 

საქმის მასალებიდან არანაირი საფუძველი არ არის, რომ ვინმეს საერთოდ ამ საქმეში ბრალი 109-ე მუხლით წაუყენონ. არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება არაა ამის. საქმის მასალებში ანძების მონაცემებია, რაც ადასტურებს, რომ როდესაც ტოიოტა ქამრი გადის ვიდეო თვალთახედვიდან, ძალიან მალე მცხეთის ანძასთან ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ტერიტორია დატოვეს“, - აღნიშნა ნემსიწვერაძემ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური კი ითხოვს, რომ შაქარაშვილის მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნოს. 

„მობრძანდეს ამირხანაშვილი გამომძიებელთან ერთად და მოხდეს ზ.ხ.-ს ამოცნობა, ამის წინააღმდეგი არ ვართ. მტკიცებულება რომ შეიკრიბება, მერე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ და გამოძიებამ. მერე უნდა გადაწყვიტონ დაუმძიმდეს თუ არა ბრალი. თუ შეიკრა ისეთი მტკიცებულება, რომ უშუალოდ შეხების კონტაქტი იქნება, მაღალი ალბათობით დაუმძიმეს“, - აცხადებს გელხაური.

გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ. 

 

 

 


close დახურვა