logo
ENG



ამბები, რომლებიც 30 ოქტომბერს უნდა იცოდე

30 ოქტ 202008:39
3 წუთის საკითხავი
 
7zgq75jluuest5l.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 30 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

5 გარდაცვლილი და 11 დაშავებული - ავარია ავტობანზე

5 ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას ავტობანის გორის მონაკვეთზე. 10 დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გორის კლინიკაში, ერთი კი თბილისში გადმოიყვანეს. ავარიის დროს სატვირთო ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა. გარდაცვლილი და დაშავებული მგზავრები ნაციონალური მოძრაობის აქციაზე იყვნენ და თბილისიდან სამეგრელოში ბრუნდებოდნენ. ისინი ზუგდიდის ორგანიზაციის მხარდამჭერები არიან.


გორში დაშავებულების მოსანახულებლად ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და პარტიის სხვა წევრები მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ის გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას , რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

ერთი დღე არჩევნებამდე 

ერთი დღე არჩევნებამდე - ხმის მისაცემად ამომრჩეველი ხვალ დილიდან მივა, წინასაარჩევნო გარემომ კი თავდასხმებისა და ძალადობის ფონზე ჩაიარა. არჩევნების მოლოდინებზე ლაპარაკობენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ქართული ოცნებას გამარჯვების შანსი არ აქვს. ოპოზიციური პარტიები მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მათი ხმების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ. 

 

ამერიკელი სენატორების განცხადება

„ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში" - განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა გაავრცელეს. ისინი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

.


„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს და და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის და ხმების დათვლისას წესიერება შეინარჩუნოს" - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორების თქმით, დემოკრატიულ საქართველოს მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოში გასამართ არჩევნებში არ ჩაერიოს. ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის შესახებ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმაციის გასაღრმავებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება კი კიდევ ერთხელ განამტკიცებს ამ მონაპოვარს - ამბობენ სენატორები.

 

IRI-ის წინასაარჩევნო შეფასება

აქტივისტებზე თავდასხმა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საუბნო კომისიების დაკომპლექტება - ამ საკითხებს ეხება IRI-ის წინასაარჩევნო ტექნიკური შეფასების ძირითადი შენიშვნები. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კომისიების შემადგენლობა ვერ ასახავს ყველა საარჩევნო სუბიექტის ნებას და ამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას.

წინასაარჩევნო დარღვევებზე ლაპარაკისას, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აქტივისტებზე თავდასხმას, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ასახელებს. კონკრეტულად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართვასა და სახელმწიფოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაზე. დოკუმენტი ასევე მმართველი პარტიის შემწირველი კომპანიებისა და მათ მიერ ტენდერებში გამარჯვების კავშირებზეც მიუთითებს. დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების საქმეზე კი ორგანიზაცია სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში

საიდან ფინანსდებიან და რა შეწირულობები მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა - ანგარიშს ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დღეს წარადგენს. ანგარიშში იმ სუბიექტების დაფინანსების საკითხზეა საუბარი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ორგანიზაცია პრეზენტაციაზე აუდიტის საქმიანობაზეც ისაუბრებს - კონკრეტულად კი რა შემთხვევები შეისწავლეს და რამდენ ფაქტზე გამოიტანეს გადაწყვეტილება.

 

საია-ს სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ზეწოლა და ძალადობის ფაქტები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში მოხვდა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტების დროული გამოძიება უნდა მოხდეს. საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედურ ანგარიშის პრეზენტაციას ორგანიზაცია დღეს გამართავს. მას ელჩები და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

კალაძისა და გახარიას განცხადებები 

არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" აქციასა და ბუბა კიკაბიძის მიერ თბილისოს ნაწილის რუსულად შესრულებას. ამის შესახებ თბილისის მერმა „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენის დროს განაცხადა.


მისი თქმით, ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს. მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, პარტიის აქციაზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმაც. გიორგი გახარიამ აქცია ღიმილისმომგვრელ ღონისძიებად მოიხსენია.   

 


close დახურვა