logo
ENG



ამბები, რომლებიც 12 ნოემბერს უნდა იცოდეთ

12 ნოე 202008:33
3 წუთის საკითხავი
clock 5961
2020/11/12/utzsopdj8mt10ax.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 12 ნოემბერს უნდა იცოდეთ

 

 ე.წ. ლოქდაუნის მოლოდინი 

მასშტაბური ჩაკეტვის გადაწყვეტილება მთავრობამ შესაძლოა კიდევ ერთხელ მიიღოს. ფორმულანიუსის ინფორმაციას ე.წ. ლოქდაუნის შესახებ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

თუმცა ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მოქალაქეების პროტესტს ვერ ჩაახშობს. ოპოზიციის თქმით, შეზღუდვებს პოლიტიკური მოტივი აქვს და არა ეპიდემიასთან ბრძოლის. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ჩაკეტვა ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. 

 

თენგიზ ცერცვაძე მოსალოდნელ მასშტაბურ ლოქდაუნზე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ლოქდაუნის გამოცხადებით პანდემიასთან ბრძოლა ბევრად მარტივი იქნება. თენგის ცერცვაძის აზრით, ეს ჯანდაცვის სექტორს პრობლემებთან გამკლავებას გაუადვილებს. თუმცა ის ლოქდაუნის უარყოფით მხარეებსაც არ უარყოფს და ამბობს, რომ ეს ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე.


გამოცხადდება თუ არა ლოქდაუნი, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს მოსახლეობამ ან მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.  

 

გრიგოლ ვაშაძის განცხადება 

„დიალოგი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაიშალა", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, დიალოგი საელჩოების წარმომადგენლების ჩართულობით, თითქმის მომზადებული იყო, თუმცა არც ჩაშლის მიზეზებს განმარტავს და არც მის მომზადებაში ჩართულ მონაწილეებს ასახელებს.


ორი წერილობითი განცხადების შემდეგ, გრიგოლ ვაშაძემ ინტერვიუ რუსთავი 2-ს მისცა. ახლა კი დიალოგის მნიშვნელობას ხედავს იმ შემთხვევაში, თუ ჩამოყალიბდება ისეთი პარლამენტი და მთავრობა, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ კრიზისს გაუმკლავდებოდნენ.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს გრიგოლ ვაშაძე კვლავ საპროტესტო აქციების გაგრძელებაში ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა ხელისუფლებამდე უნდა მივიდეს. ერთპარტიული , მხოლოდ ქართული ოცნებით დაკომპლექტებული პარლამენტის შემთხვევაში კი, მისი აზრით, ოპოზიცია ხალხის დაცვის ბერკეტს დაკარგავს. 

 

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლა საქართველოში ამერიკის თანამშრომლობას სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანს, - ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების მოლოდინი.

მათი ვარაუდით, მაიკ პომპეოს ვიზიტი რეგიონის უსაფრთხოებას, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას შეეხება.

 

ხაშურის მერი გადადგა

ხაშურის მერი, რომელსაც ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სცემა, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გიორგი გურასპაშვილი წასვლის მიზეზად წერილში სუბიექტურ გარემოებებს ასახელებს. თუმცა განმარტავს, თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდში რჩება.

გიორგი გურასპაშვილს ხაშური-ქარელის სახელისუფლებო კანდიდატი ზაზა დუგლაძე ფიზიკურად რამდენიმე კვირის წინ გაუსწორდა. როგორც ცნობილი გახდა, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო დუგლაძე მოქმედ მერს იმის გამო დაესხა თავს, რომ გამარჯვება პირველ ტურში ვერ მოიპოვა. ფორმულა ნიუსი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ყვებოდა, რომ გურასპაშვილი თანამდებობის დატოვებას გეგმავდა, რასაც გურასპაშვილი უარყოფდა.  

 

მხარდამჭერი აქცია

წინასწარი დაკავების იზოლატორთან აქტივისტებმა აქცია გამართეს, ისინი ერთ-ერთი აქტივისტის ნიკა კვიტატიანის დაკავებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, აქტივისტი უსამართლოდაა დაკავებული და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი 3-დღიანი პატიმრობა სრულიად უსაფუძვლოა.


როგორც აქტივისტები აცხადებენ, ნიკა კვიტატიანი არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას და გაალბებას აპროტესტებდა. აქტივისტები პროტესტს სამი დღის განმავლობაში განაგრძობენ.


close დახურვა