logo
ENG



პომპეო: ვითხოვთ ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას

18 იან 202109:17
3 წუთის საკითხავი
clock 1578
2021/01/18/bf28gkk1k4gp5qw.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. პომპეოს თქმით, ნავალნის დაკავება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა ოპოზიციური ლიდერების გაჩუმების მცდელობას წარმოადგენს. პომპეოს განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პომპეოს თქმით, საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენციის, არ ძალადობენ და არ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს.

"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შესახებ. რუსი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ღია სივრცეს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასა და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას შურისძიების შიშის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას", - აცხადებს პომპეო.

გუშინ 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. 

ნავალნის დაკავებას უკვე მოყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში ალექსეი ნავალნის დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავს. განცხადებაში უწყება რუსეთს ოპოზიციონერის გათავისუფლებისა და მასზე თავდასხმის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმარს უწოდებს და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

ნავალნი 2021 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 

ამასთან 2020 წლის 21 დეკემბერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსის მტკიცებით, მისი მკვლელობის ორგანიზებაში ჩართულ ერთერთ პირს ესაუბრება. ნავალნის თქმით, კონსტანტინ კუდრიავცევი არის სამხედრო ქიმიკოსი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელია. როგორც ნავალნი ვიდეოში ყვება, კუდრიავცევი სწორედ ის პირია, რომელსაც მისი ტანსაცმლიდან კვალის დაფარვა დაავალეს. 

 


close დახურვა