logo
ENG



გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციების შესაფერისად შევსება შეუძლია

02 მარ 202112:06
3 წუთის საკითხავი
clock 1149

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კოვაქს პლატფორმის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციების შესაფერისად შევსება და წარდგენა შეუძლია. პლატფორმამ გუშინ, პირველ მარტს განმარტა, რომ თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. 

გაბუნიას განცხადებით, ამაზე საუბარი სასაცილოა.

"მე პირადად ვადევნებ თვალს ყველა კომუნიკაციას კოვაქსთან. აბსოლუტურად სასაცილოა აპლიკაციის ხარისხზე საუბარი, სამინისტროს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა და მე პირადად, რომ აპლიკაციები, იქნება ეს საერთაშორისო თუ რომელიმე სხვა, იყოს შესაფერისად და ჯეროვნად შევსებული და წარდგენილი. ის, რომ იყო რაღაც ხარვეზი დოკუმენტური და ა.შ. ეს არ არის მართალი, პრობლემა არის ის, რომ ფაიზერი აზუსტებს გარკვეულ პირობას, ეს პირობა დაზუსტდება სატელეფონო ჩართვის პროცესში", - თქვა გაბუნიამ.

კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. 

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - უთხრეს მათ ინტერპრესნიუსს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კოვაქსის ინფორმაციით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".

ამასთან დაკავშირებით მთავრობაში ამბობენ, რომ ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი - ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა.


close დახურვა