logo
ENG



EU ბელარუსის კომპანიებს საკუთარ ავიასივრცეში ფრენას და აეროპორტების გამოყენებას აუკრძალავს

04 ივნ 202115:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/04/wg4quvyujmte2ul.jpg
ფოტო: REUTERS

ევროკავშირის ელჩებმა მიიღეს გეგმა, რომელიც ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენას და გაერთიანების ტერიტორიაზე მყოფი აეროპორტების გამოყენებას აუკრძალავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის იმ სანქციების ნაწილი, რომელიც ქვეყნებმა ბელარუსი ოპოზიონერი ჟურნალისტისა და აქტივისტის დაკავების გამო დააწესეს.

მანამდე რამდენიმე ქვეყანამ ბელარუსულ ავიაკომპანია ბელავიას საკუთარ საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალეს, ხოლო თავიანთ ავიაკომპანიას ურჩიეს, რომ ფრენებისთვის ბელარუსული საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ ასევე ურჩია ქვეყნებს, რომ ბელარუსული საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ, რადგან ის უსაფრთხო არაა. 

რა საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა აქტივისტის დაკავებას?ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.

კერძოდ, 23 მაისს, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​ შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.

ევროკავშირი პროტასევიჩის დაპატიმრების გამო ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს უჩერებს და იქამდე გაუყინავს, "სანამ ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე არ დაბრუნდება".

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად შეაფასა

მოგვიანებით ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მკაცრად გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, შეცვალოს კომერციული ფრენა და დააკავოს ჟურნალისტი". 

აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, თუმცა, თავისი განცხადებით არ დაუგმია მომხდარი და არ უხსენებია დაკავებული ჟურნალისტი. 

 


close დახურვა