logo
ENG



ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს უკვე წარდგენილ 9 კანდიდატზე შერჩევის პროცესი არც წარსულში შეუჩერებია

23 ივნ 202113:34
3 წუთის საკითხავი
 
ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს უკვე წარდგენილ 9 კანდიდატზე შერჩევის პროცესი არც წარსულში შეუჩერებია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება და წერს, რომ საბჭოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იმ 9 კანდიდატზე, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, არც წარსულში შეუჩერებია.

ჯანეზაშვილი იხსენებს ვენეციის კომისიის დასკვნას, სადაც შეფასებულია პირველ აპრილს მიღებული კანონი და იქ საუბარია, რომ ყველა კანდიდატი უნდა შეირჩეს ახალი ნორმებით, თანასწორი მოპყრობის პრინციპით. 

ამით, ნაზი ჯანეზაშვილი პასუხობს კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ პირველ აპრილს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებით ხელისუფლებამ "თავი შეიკავა" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან და საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი. 

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ამ 9 კანდიდატზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა, არ შეუჩერებია.

პირველ აპრილს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დამატებითი განაცხადები მივიღეთ და ზუსტად ამ კომპონენტზე ვენეციის კომისიამ შემდეგი რამ გვითხრა. დამატებითი განაცხადების მიღების საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან აუცილებელია კანდიდატებთან თანასწორი მოპყრობა და ბოლოს დაამატა, რომ საჭიროა რესტარტი: 

"ამ მიზეზის გამო, შეიძლება საჭირო გახდეს პროცედურის ჩატარების თავიდან დაწყება" - "For this reason, the procedure may need to be restarted." მაგრამ რესტარტი არ ყოფილა!" - წერს ის.

ქართული ოცნება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ. ამ თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომა პარტნიორებისა და ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის შემდეგ გამართეს. 

კობახიძის მტკიცებით, პირველ აპრილს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა. 

"ხელისუფლებამ თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა", - თქვა მან.

კობახიძის თქმით, გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები, თითქოს, "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური  შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში". 

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ პარლამენტს სასამართლო რეფორმაზე შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა.

ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაიხსენა შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი და თქვა, რომ 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა, მანამდე კი საერთო სასამართლოების შესახებ კანონი სამი მოსმენით უკვე მიღებული იყო.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა