logo
ENG



გვარამია კობახიძეზე: რას ნიშნავს გარყვნილები, რამე გაქვთ ნანახი და დასკვნებს აკეთებთ? 

14 სექ 202118:57
3 წუთის საკითხავი
clock 15759

"რას ნიშნავს გარყვნილები?" - მთავარი არხის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, რა ტიპის შეფასებაა ის, რასაც ქართული ოცნების ლიდერები მისი და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ იყენებენ. 

"დიანა რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ვერაფრით ვხვდები. დააკვირდით, რას ამბობს ღარიბაშვილი ჩემზე და სხვებზეც - გარყვნილები. ეს სიტყვა აქვს აჩემებული. რას ნიშნავს გარყვნილები? ეს პოლიტიკური შეფასებაა თუ რა არის? ამორალურები გავიგე, ბოლშევიკებს რომ გვეძახიან, გავიგე, გარყვნილები რა ტიპის შეფასებაა. თუ რამე გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი და შესაბამის დასკვნებს აკეთებთ? 

დღეს ირაკლი კობახიძემ იგივე თქვა". - ამბობს ნიკა გვარამია ფორმულას ეთერში. 

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა პირადი ცხოვრების კადრებისა ან/და მისი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს. 

მდინარაძემ სუს-ის მასალების გავრცელებას "ბოლშევიკური კამპანია" უწოდა, ხოლო კრიტიკულ მედიებს ნაციონალური მოძრაობის დავალებით "ფონის შექმნაში" ადანაშაულებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს დაესხა თავს. მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და TV პირველის ტელეწამყვანს, დიანა ტრაპაიძეს მან "გარყვნილი ადამიანები" უწოდა და დაადანაშაულა, რომ ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. თუმცა რის საფუძველზე გააჟღერა ეს ბრალდება კობახიძემ, მას არ დაუსაბუთებია. 

13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.

ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა