logo
ENG



ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

01 ნოე 202117:52
3 წუთის საკითხავი
clock 1625
ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ინფორმაცია ფორმულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პარტიაში ამბობენ, რომ ჯაფარიძე ამ საკითხზე პარლამენტს ოფიციალურად უახლოეს დღეებში მიმართავს.

დღეს მანდატი დატოვა ენმ-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმაც.

დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ გუშინ, 31 ოქტომბერს ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.

***

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას. 

ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.


close დახურვა