ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილი აზიარა.
მიტროპოლიტმა თქვა, რომ დღეს "ისტორიული დღეა".
"მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ეს არის პატარა ნამცეცი, რომელიც არის გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით. მან ეს მიიღო.
ეს ისტორიული დღეა - მასზე ხშირად ამბობენ: მოინანოის, შეინანონს. სინანული, ქრისტიანული ქმედებით, არის მოქმედება. ეს არ არის ნიანგის ცრემლები და მოჩვენებითი აღიარება, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას.
ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია". - თქვა მან.
***
ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.