logo
ENG



ღარიბაშვილი: ეკონომიკური ზრდა ძალიან დამაიმედებელია, 2022 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მივაღწევთ

22 ნოე 202111:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დამაიმედებელია და 2022 წლის იანვარში ეკონომიკა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს.

ღარიბაშვილის თქმით, 2021 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში  რეგიონის და ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, ძალიან სწრაფი ტემპებით, 2022 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება დაახლოებით 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, არის უპრეცედენტო ზრდა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა.

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მხრივ, უარყოფითი მაჩვენებელი 2020 წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.

ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობდა, რომ საქართველოში ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეროვნული ბანკი ვარაუდობდა.

გვენეტაძის თქმით, სებ-ი 2022 წლის მარტში წლიური ინფლაციის 6%-მდე შემცირებას ვარაუდობდა, თუმცა ნავთობისა და ხორბლის ფასების ზრდის გამო ინფლაციის შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვარაუდობდნენ.

ასევე, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, საქსტატის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში ფასები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემდეგ პროდუქტებს მოემატა:

ზეთი და ცხიმი - ფასები გაიზარდა 40.7 %-ით

ბოსტნეული და ბაღჩეული  - ფასები გაიზარდა 38.2 %-ით

რძე, ყველი და კვერცხი - ფასები გაიზარდა 17.1 % -ით

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ფასები გაიზარდა -16.6 % -ით

პური და პურპროდუქტები - ფასები გაიზარდა 13.2 %-ით

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - ფასები გაიზარდა 12.6 %-ით

თევზეული - ფასები გაიზარდა 11.5 %-ით

ხორცი და ხორცის პროდუქტები - ფასები გაიზარდა 10.4-%-ით

ყავა, ჩაი და კაკაო - ფასები გაიზარდა 7.1 %-ით

ასევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია.


close დახურვა