ყაზახური გამოცემა Orda.kz ტელეგრამ არხით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დემონსტრანტებმა ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის, ალმათის აეროპორტი აიღეს. როგორც გამოცემას აეროპორტის პრესსამსახურმა უთხრა, თანამშრომლებმა აეროპორტი დატოვეს.
"წინასწარი ინფორმაციით, აეროპორტში ახლა, დაახლოებით, 45 დამპყრობელია. როგორც კი შევიდნენ, ჩვენმა თანამშრომლებმა შენობა დატოვეს. აღების დროს ტერმინალში მგზავრები არ იყვნენ. მგზავრების ევაკუაცია მანამდე მოვახდინეთ. აეროპორტი დატოვეს სამხედროებმა, თუმცა არ ვიცით, როდის წავიდნენ", - განაცხადეს ალმათის აეროპორტში.
გარდა ამისა, მუშაობა შეწყვიტა ქალაქ აქთაუს აეროპორტმა. ვრცელდება ინფორმაცია არაერთი გადადებული და გაუქმებული რეისის შესახებ.
ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხი Ateo Breaking ავრცელებს მომიტინგეების მოთხოვნებს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება; პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, მთავრობისა და პარლამენტის გადადგომა; დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება; ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა; აღიარებულ იქნას სსრკ-ს მმართველობის წლები ერების წინააღმდეგ დანაშაულად, დაგმობილ იქნას აგრესია უკრაინის წინააღმდეგ; ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა კავშირი.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტი გრძელდება, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ იწვის პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობაც.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი.
მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.
განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.