ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM უკრაინისკენ ფრენებს აუქმებს. ინფორმაციას ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის შედეგია და დაზუსტებული არაა როდიდან განახლდება ფრენები.
"KLM წყვეტს უკრაინაში ფრენას. კიევისკენ შემდეგი ფრენა ამაღამ იყო დაგეგმილი, თუმცა არ განხორციელდება.
ეს გადაწყვეტილება მოგზაურობის შესახებ წითელი ფერის გაფრთხილებისა და უსაფრთხოების სიღრმისეული ანალიზის შედეგია." - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ასევე დღეს უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია, რომ KLM-ის გარდა სხვა კომპანიებიც მსგავს გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამიტომ დეპუტატი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინაში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს მოუწოდებს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.
„ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ უკვე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ხვალიდან, ლონდონის დროით 14:00 საათიდან (კიევის დროით 16:00 საათიდან) უკრაინის საჰაერო ზონაში მყოფი სამოქალაქო ფრენების დაზღვევა შეწყდება.
ავიატრანსპორტის მფლობელები მათ თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლას უკვე უკრძალავენ.
ამ მომენტისთვის, KLM-მა გააუქმა მისი ფრენები, Sky Up ფუნშალი- კიშინოვის რეისს უკვე ასრულებს, დღეს ველით აკრძალვებს Air France-სგან.
მნიშვნელოვანია, რომ თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და სახლში დაბრუნებას ცდილობთ, ახლა ამის გაკეთების საუკეთესო დროა, რადგან უახლოეს 1-2 კვირაში, სავარაუდოდ ძალიან რთული იქნება დაბრუნება.“ - წერს დეპუტატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის გამო არაერთმა ქვეყანამ უკვე მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს უკვე მოუწოდა უკრაინის დატოვებისკენ.
დღეს გავრცელდა ინფრომაცია, რომ ისრაელი თავის მოქალაქეების უკრაინიდან გაყვანას იწყებს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ის ოფიციალური პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში სამშაბათს შეიჭრას. ავიაკომპანია Arkia-მ კი გამოაცხადა, რომ უკრაინიდან ორშაბათსა და სამშაბათს 2 საევაკუაციო ფრენა განხორციელდება.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდებს და უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.
აღსანიშნავია, რომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.
11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ.
აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.
გუშინ კი AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.
თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.
გუში РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.
გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.