კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი თავის ისტორიაში თავს არავის დასხმია და სიტყვა ომის წარმოთქმაც კი არ სურს.
"ყოველდღიურად დასახელება რუსეთის თავდასხმის დღისა უკრაინაზე ძალიან ცუდი პრაქტიკაა, დავუსვათ თავს კითხვა, რა აზრი აქვს რუსეთისთვის ვინმეზე თავდასხმას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თავს არავის დასხმია. რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საერთოდ სურს წარმოთქვას სიტყვა ომი" - ამბობს დიმიტრი პესკოვი.
გარდა ამისა, პესკოვმა თქვა, რომ პუტინი უკრაინის შესახებ და უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
"უწინარეს ყოვლისა პრეზიდენტი პუტინი მოითხოვდა მოლაპარაკებებს და დიპლომატიას და სინამდვილეში მან წამოაყენა შეკითხვა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" - თქვა CNN-ის ცნობით პესკოვმა.
თავის მხრივ, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. ის ამბობს, რომ რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გეგმავს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ამჟამად ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს.
ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით რუსეთი შეტევას უკრაინის დედაქალაქზე გეგმავს.
„ყველა ნიშანია რომ ამ გეგმის შესრულება უკვე გარკვეულწილად დაიწყო. ვშიშობ, მიწევს თქმა, რომ გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ შეიძლება იყოს ევროპაში 1945 წლის შემდეგ უდიდესი ომი” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას ახლა დასავლეთმა მხარი, როგორც თავდაცვის კუთხით ასევე ეკონომიკურადაც უნდა დაუჭიროს, რადგან დაძაბულობის პირობებში ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხეები არსებობს.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე შედეგები დაუდგება. სანქციების ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე რუსულ კომპანიებს მუშაობას გაურთულებენ, ოლიგარქებს კი მოგზაურობაზე შეზღუდვებს დაუწესებენ.
***
რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე თვეა, რუსეთმა აქ 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 18 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს.
17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.
18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, მხოლოდ 19 თებერვალს რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 136 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 116-ში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.
მათი ინფორმაციით რუსეთის მხრიდან შეტევებს ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა.
ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს.
ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა. გუშინ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ ხელისუფლებამ.
ოკუპირებული სოხუმის ე.წ მერმა ბესლან ეშბამ გუშინ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სოხუმი დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან ევაკუირებული ადამიანების მისაღებად მზადაა.
ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებულ ლიდერს, დენის პუშილინს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ცხინვალი ობოლი ბავშვების მისაღებად მზადაა.
რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი.
საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.
დასავლეთი ვითარების დიპლომატიურ ფარგლებში გადატანას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს.
აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა:
უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ.
აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს.