logo
ENG



სტრასბურგმა რუსეთს აგვისტოს ომზე 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მოუწოდა

24 სექ 202218:21
3 წუთის საკითხავი
clock 649
2022/09/24/876huqp94udcbjs.jpg

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მინისტრთა კომიტეტმა 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს მხარი დაუჭირა და რუსეთს, 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მკაცრად მოუწოდა.

21 იანვარს ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დღეს ერთხმად  მოუწოდა რუსეთს, წარადგინოს  ევროსასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა აღმოიფხვრას დარღვევების ძირითადი საფუძველი - განგრძობადი ოკუპაცია.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი 2008 წლის ომის საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.

იუსტიციის სამინისტროს განცხადება:

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“"(ე.წ. "ომის საქმე"). გადაწყვეტილება ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ, რომელიც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

მინისტრთა კომიტეტის მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება უპირობო ვალდებულება ზედმიწევნით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საგულისხმოა, რომ მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ მხარეს და ხაზი გაუსვა დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას. მინისტრთა კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღმოიფხვრას დარღვევების ძირითადი საფუძველი (ე.ი. განგრძობადი ოკუპაცია) და აღარ განმეორდეს ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები.

კომიტეტმა, აგრეთვე, გამოთქვა ღრმა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები აღნიშნული მიმართულებით.

ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი "ომის" საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება."

 

ევროსასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი, (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. გადაწყვეტილება მიიღო დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგებლობით. 

ამასთან, სასამართლომ საქმის განხილვის შემდეგ დაასკვნა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება) და საჩივრის ეს ნაწილი დაუშვებლად სცნო:

"სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთაშორისო კონფლიქტის დროს მომხდარი მოვლენების პერიოდში შეუძლებელია საუბარი "ეფექტურ კონტროლზე" იმ არეალში. სამხედრო ძალებს შორის კონფრონტაცია და ბრძოლა მიმართული იყო კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე, ქაოსის გათვალისწინებით იქ კონტროლი არავის ჰქონდა დამყარებული".

მიუხედავად ამისა, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ "ეფექტური კონტროლი" განახორციელა სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და "ბუფერულ ზონაზე", 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე - რუსეთის ჯარების ოფიციალური გაყვანის თარიღამდე.

სასამართლომ დაასკვნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ანუ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ განვითარებული მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა) ეწინააღმდეგება, კერძოდ, ეს ეხება 160 სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და დამამცირებელ მოპყრობას, რამაც გამოიწვია მათი ტანჯვა და ქმედება მიიჩნიეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად;


close დახურვა