logo
ENG



რუსეთი აცხადებს, რომ სოლედარს მთლიანად აკონტროლებენ

13 იან 202315:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/13/5qrvurrqnwi4hzu.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს. უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის "გათავისუფლება" 12 იანვრის საღამოს დაასრულეს.

"12 იანვრის საღამოს ქალაქ სოლედარის გათავისუფლება დასრულდა, რაც მნიშვნელოვანია დონეცკის მიმართულებით წარმატებული შეტევითი ოპერაციის გასაგრძელებლად", - აცხადებენ სამინისტროში.

ამ ეტაპზე, უკრაინულ მხარეს თავდაცვის უწყების განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ რუსული ძალები სოლედარის მთლიან ტერიტორიას თუ არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც აკონტროლებდნენ.

9 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსებმა  სოლედარზე ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ვაგნერის ჯგუფმა კონცენტრირება სოლედარზე მოახდინა, სადაც მათი თქმით, ყველაზე დიდი საბრძოლო მზადყოფნაა.

11 იანვარს, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, განაცხადა მისმა ძალებმა დაასრულეს უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულების სარდლობის პრესატაშემ, სერხი ჩერევატიმ კი რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ქალაქ სოლედარს ოკუპანტები არ აკონტროლებენ.

11 იანვარს საღამოს CNN-მა უკრაინაში, სოლედარის სიახლოვეს მყოფ გადამღებ ჯგუფზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში იბრძვიან და მათი უკან დახევის ნიშნები არ იყო.

ასევე 11 იანვარს ღამით რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა მორიგი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე სრული კონტროლი დაამყარა.

12 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ სოლედარის რეგიონში სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიდის.

მისი თქმით, ქალაქის მისადგომები ფაქტობრივად სავსეა პუტინის მიერ მოკლული სამხედროების ცხედრებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები მაქსიმალურ გამძლეობას და გმირობას აჩვენებენ.

12 იანვარს კომპანია Maxar Technologies-მა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა.

კომპანიამ ნგრევის მასშტაბის შესადარებლად, ორი ფოტო გამოაქვეყნა, პირველი 2022 წლის 1-ელ აგვისტოსაა გადაღებული, მეორე კი - 2023 წლის 10 იანვარს, სადაც ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლები განადგურებულია.


close დახურვა