logo
ENG



WSJ: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, Abrams M1-ის ტიპის ტანკები გადასცეს

24 იან 202319:53
3 წუთის საკითხავი
clock 779
2023/01/24/was3mjxd14lep1o.jpg

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემისკენ იხრება. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იქნება გერმანიასთან უფრო ფართო დიპლომატიური შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ბერლინი დათანხმდება მცირე რაოდენობის Leopard 2-ების გადაცემას და ამის უფლებას სხვა ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთსაც მისცემს. WSJ-ის ცნობით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

დღეს პოლონეთმა Leopard-ების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობა გერმანიისგან ოფიციალურად მოითხოვა. ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკიმ გერმანიას მოუწოდა, თავადაც შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას Leopard 2-ის ტანკებით დაეხმარებიან.

უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვს. როგორც უკრაინული მხარე ამბობს, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭიროა გერმანიის თანხმობა. გერმანიის ოფიციალური პირები კი აღნიშნავენ, რომ გერმანია არაა წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს, თუმცა საკითხზე გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღიათ.

23 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. მისი თქმით, Leopard მძიმე ჯავშანტექნიკაა, რომელიც შეტევის დროს გამოიყენება და მათი გადაცემისას კარგად უნდა დაფიქრდნენ.

ამასთან, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, გერმანიის მხრიდან უკრაინას ტანკები უნდა მიეწოდოს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა კი გერმანიას მოუწოდა, გადასცეს Leopard-ები უკრაინას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის მომარაგებისთვის ყველაფერი გაკეთდეს.


close დახურვა