logo
ENG



Spiegel: გერმანია უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკებს აგზავნის

24 იან 202321:59
3 წუთის საკითხავი
clock 826
2023/01/24/6ko6yrweu54ulfz.jpg

რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, საუბარია მინიმუმ ერთ Leopard 2A6-ზე.

დღეს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემისკენ იხრება. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იქნება გერმანიასთან უფრო ფართო დიპლომატიური შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ბერლინი დათანხმდება მცირე რაოდენობის Leopard 2-ების გადაცემას და ამის უფლებას სხვა ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთსაც მისცემს. WSJ-ის ცნობით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

დღეს პოლონეთმა Leopard-ების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობა გერმანიისგან ოფიციალურად მოითხოვა. ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკიმ გერმანიას მოუწოდა, თავადაც შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას Leopard 2-ის ტანკებით დაეხმარებიან.

უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვს. როგორც უკრაინული მხარე ამბობს, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭიროა გერმანიის თანხმობა. გერმანიის ოფიციალური პირები კი აღნიშნავენ, რომ გერმანია არაა წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს, თუმცა საკითხზე გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღიათ. გერმანულ მხარეს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა