logo
ENG



"გადაწყვიტეთ ადამიანის უფლებების შესაბამისად" - NGO-ები სააკაშვილზე სასამართლოს მიმართავენ

02 თებ 202313:33
3 წუთის საკითხავი
clock 640
"გადაწყვიტეთ ადამიანის უფლებების შესაბამისად" - NGO-ები სააკაშვილზე სასამართლოს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას ეხმაურებიან და მოუწოდებენ სასამართლოს, გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

"მოვუწოდებთ სასამართლოს , გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და უმოკლეს ვადაში, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება. ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • პრევენცია პროგრესისთვის
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საფარი

 

***

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი ჩამოშლილია და ის 68 კილოგრამს იწონის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დაკარგა გონება. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შესაძლოა, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია".

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

 


close დახურვა