logo
ENG



მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სააპელაციომაც უარი თქვა

02 მარ 202315:09
3 წუთის საკითხავი
clock 614
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სააპელაციომაც უარი თქვა

მიხეილ სააკაშვილს სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა. როგორც ფორმულას ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლოში აცხადებენ, რომ ადვოკატების შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი "არ არსებობდა". სასამართლომ საჩივარი დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

"საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება", - აღნიშნულია განცხადებაში.

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა.

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა - ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა