logo
ENG



მამულაშვილი ბელგოროდზე: მნიშვნელოვანი ადგილია, შეიძლებოდა ბირთვული იარაღის გამოყენება

22 მაი 202321:53
3 წუთის საკითხავი
clock 4344
2023/05/22/oktr7jxmfs36zs1.jpg

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთის ბელგოროდში არსებულ დაძაბულ ვითარებასა და შეტაკებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაჯგუფებებმა, რომლებმაც სპეცოპერაცია დაიწყეს, კრემლისთვის მოულოდნელი და ტაქტიკური ნაბიჯები გადადგეს.

როგორც მამულაშვილმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა აღნიშნა, ორივე დაჯგუფება, რომელმაც ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიღო, რუსეთის მოქალაქეებისგან არის დაკომპლექტებული და პუტინის რეჟიმს ებრძვის. მისივე თქმით, რუსეთის მოხალისეთა კორპუსს და რუსეთის თავისუფლების ლეგიონს აქვს რესურსი, რომ რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეცვალოს, რადგან ორივე დაჯგუფება საკმაოდ მზარდია და ბევრი თანამოაზრე ჰყავს რუსეთში.

გარდა ამისა, მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ მოხალისე სამხედროები ბელგოროდის სრულ დაკავებას შეძლებენ.

"ძალაუფლება არის უზურპირებული დიქტატორის მიერ და რა თქმა უნდა იტოვებენ უფლებას, რომ ნებისმიერი მეთოდით რუსეთი დაიხსნან ამ დიქტატორისგან. ძალიან ლოგიკური სვლა იყო ამ ადამიანებისგან, ვინც წარმოადგენს ამ ჯგუფს. ბევრი უკრაინელია რუსეთის მოქალაქე. არ არის გამორიცხული, რომ დაჯგუფებებში იყვნენ ეთნიკურად უკრაინელებიც. საკმაოდ დიდი ჯგუფია - კარგად მომზადებული ადამიანების, სპეციალისტების, ვისაც უნდათ თავის ქვეყნის გადარჩენა.

ვხედავთ ლოგიკურ თანმიმდევრობას, რაც ხდება დღეს ბელგოროდის ოლქში. გარკვეული ნაწილი უკვე დაკავებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები შეძლებენ და დაიკავებენ ბელგოროდის დანარჩენ ნაწილს. მათ აქვთ იმის რესურსი, რომ შეძლონ განვითარება და რუსეთის განთავისუფლება. პოტენციალიც აქვთ და ძალიან ბევრი რუსი უერთდება ამ ადამიანებს გზადაგზა. რუსეთში მოგეხსენებათ ძალიან დიდი ადამიანური რესურსია, თანამოაზრეების საკმაოდ დიდი გუნდი ჰყავთ და ნელ-ნელა ეს განმათავისუფლებელი მოძრაობა იზრდება", - თქვა მამულაშვილმა.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი ბელგოროდის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს სწორედ ის მონაკვეთია, საიდანაც რუსეთის ჯარის მომარაგება ხდებოდა. მამულაშვილი ასევე იმ ცნობებსაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოხალისე მებრძოლებმა ალყა შემოარტყეს საკონტროლო გამშვებ პუნქტს, რომელიც ბირთვული იარაღის საცავთან მახლობლად არის.

ქართველი მებრძოლი ადასტურებს, რომ ბელგოროდის ტერიტორიიდან "შეიძლებოდა მომხდარიყო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება".

"ეს არის ადგილი, მონაკვეთი, საიდანაც ხდება რუსეთის ჯარის მომარაგება, ლოგისტიკური მომარაგება და ძალიან სწორად იქცევიან, როცა გადავიდნენ და დაიკავეს სწორედ ეს მონაკვეთი და მოჭრეს გზა. ეს არის ის მონაკვეთი, რომელიც დაეხმარება უკრაინას, შემდეგ დეოკუპაციაში...

ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ერთ-ერთი ადგილია, საიდანაც შეიძლებოდა მომხდარიყო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. სროლის მანძილი ამ იარაღს არ აქვს დიდი. შეტევა მიმდინარეობს მაგ მიმართულებით, რაზეც რუსეთი ჯერ არ ლაპარაკობს. სინამდვილეში რუსეთის არმიის დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა ეგ ადგილი. მოულოდნელი იყო ყველასთვის ეს სვლა", - განაცხადა მან.

რაც შეეხება კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებას, თითქოს ბელგოროდზე შეტევის მიტანით უკრაინული მხარე ბახმუტიდან ყურადღების გადატანას ცდილობს, მამულაშვილი აღნიშნავს, რომ ბახმუტმა მიმდინარე ომში "თავისი როლი უკვე შეასრულა, უკრაინელებმა გაანადგურეს 40 000 რუსი ჯარისკაცი".

"ბახმუტიდან ყურადღების გადატანა არ არის საჭირო. ბახმუტმა მიიპყრო იმდენი ყურადღება და გაანადგურა იმ რაოდენობით მტერი, რა რაოდენობითაც იყო გათვლილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ. ბახმუტი არ იყო სტრატეგიული ობიექტი. ბახმუტი იყო სწორედ ის მონაკვეთი, სადაც შეიძლებოდა 40 000 რუსი ჯარისკაცის განადგურება და განადგურდა - ბახმუტმა თავის როლი შეასრულა. სამწუხაროდ ქალაქისგან არაფერია დარჩენილი, ყველაფერია განადგურებული, თუმცა უკრაინისთვის თავის როლი შეასრულა. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი სიურპრიზები იქნება, რასაც არ ელოდება, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა - რა თქმა უნდა, მალე", - აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა.

***

რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარება და აფეთქებებია. რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას. მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს. მათივე მტკიცებით, გამშვები პუნქტი ბირთვული იარაღის საცავის მახლობლად მდებარეობს.

მოგვიანებით, ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". პესკოვი ამბობს, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა".

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან". უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.

განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა თავად ხსენებულმა მებრძოლებმაც უკვე აიღეს. ისინი აცხადებენ, რომ "რუსეთის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს". ლეგიონის მებრძოლების თქმით, მათი მიზანი "რუსეთის სრული გათავისუფლებაა".


close დახურვა