logo
ENG



Georgian Airways: ნუ ინერვიულებთ, საქართველო სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს

25 მაი 202323:32
3 წუთის საკითხავი
clock 827
2023/05/25/inpwpilhxu5mvuc.jpg

ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტული რეისების დაწყების შესახებ აცხადებს, რომ  საქართველო სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს და ქვეყანას სულ მცირე, 5 წელი მაინც დასჭირდება რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს.

კომპანია აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები "მცირეოდენი შეზღუდვების“ მიღმა, რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს კვლავ გასცემენ და "რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც".

კომპანიის თქმით, სატრანზიტო ფანჯრის ფუნქციას არაერთი ქვეყანა, მათ შორის ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები ასრულებენ, ხოლო რეგიონში ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი თურქეთია.

Georgian Airways პოტენციური სანქციების შესახებ აცხადებს, რომ ეს მხოლოდ საქართველოზე ვერ გავრცელდება, "ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ [სანქციები] და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე".

Georgian Airways-ის განცხადება:

"ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება დღეს (25 მაისს) მედიასივრცეში გაჩენილ კითხვებს, საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით. იდეის მომხიბვლელობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს. წლები გადის და დღემდე ვერ მოხერხდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებულიყო თუნდაც სატრანზიტო დარბაზი. შესაბამისად, საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია.

რაც შეეხება უშუალოდ სატრანზიტო ფრენების საკითხს. დღეს მსოფლიო საავიაციო სფერო ციფრულ და ონლაინ რეჟიმზე არის გადასული. მგზავრებს უფლება და შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძინონ ბილეთები და გაფრინდენენ სასურველი მიმართულებით. ეს უბრალო ფაქტია, რომელიც არავისთვის დამალული არ არის, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება მედიასივრცეში დღეს აქტიურად განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი? არაფერს, გარდა იმისა, რომ იხმაურონ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მოქალაქეების გარდა უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას, მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება გააჩნია. ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე, გადადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი.

აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება.

ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩვენი წილი 0, 00 პროცენტი თუ იქნება. საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე, რომ ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ!

რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე.

ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით." - წერია განცხადებაში. 

დღეს, 25 მაისს რუსულმა გამოცემა RTVI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს. როგორც გამოცემა ამბობს, ამის შესახებ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

გეგმაშია ევროპის ხუთი ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.

20 მაისს, ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა - მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანია Georgian Airways ბოიკოტი გამოუცხადა - მან თქვა, რომ აირზენა "ფულისთვის ყველაფერზე მზად არის" და "უნდა, რომ ისარგებლოს ამ რეალობით", რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. თავის მხრივ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ავიაკომპანიის ბორტზე არ აუშვებენ.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.


close დახურვა