logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

19 ივნ 202320:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/19/1l9py9n89v0pxdp.jpg

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ფაქტის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვა. გარდა ამისა, დავით მაკარიძემ არ გამორიცხა, რომ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა შეკვეთილი და წინასწარ ორგანიზებული ყოფილიყოს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. მან დანაშაული აღიარა.

"დანაშაული დაკავშირებული იყო უშუალოდ ზურაბ ჯაფარიძის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების და მოქმედებებიდან გამომდინარე - რასაც ბრალდებული უთითებდა. შესაბამისად არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომ მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. მოსამართლემ საქმის სრულყოფილი გამოძიება იგულისხმე, როცა საუბრობდა ყველა დეტალის გარკვევაზე", - თქვა პროკურორმა.

მორიგი სასამართლო პროცესი 24 ივლისს გაიმართება. 

17 ივნისს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული. 

ჯაფარიძე თავდამსხმელის ამოსაცნობად შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში იმყოფებოდა. სამმართველოს დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ სოსო მაისურაძე ამოიცნო.

შსს-ს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სოსო მაისურაძეს 1-წლიანი პატიმრობა ელის. 

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა, თავდასხმას რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლებდა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდებოდა.

 

 


close დახურვა