logo
ENG



თარგამაძე მშვილდაძეზე: თითოეული კადრი თავდასხმის პერიმეტრიდან შესაძლოა იყოს გადამწყვეტი

04 ივლ 202317:57
3 წუთის საკითხავი
clock 603
2023/07/04/zr6g1sa3baa7430.jpg

ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ თითოეული ვიდეოკადრი, რომელიც მიშა მშვილდაძის თავდასხმის მიმდინარეობას პერიმეტრში ასახავს, შესაძლოა იყოს გადამწყვეტი. ამის შესახებ მან ფორმულას დამფუძნებლების ბრიფინგზე განაცხადა.

თარგამაძემ მიმართა მოქალაქეებს, ბიზნესმენებს და თქვა, რომ "ერთმა რიგითმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა შესაძლოა გადაწყვიტოს ქვეყნის დემოკრატიული ბედი".

"ყველას ვინც გვიყურებს, მინდა დავუსვა კითხვა, გაიხსენონ, როდის გადაწყდა წინა ხელისუფლების ბედი. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა, მათ შორის პირველი ეს იყო მედიისა და ჟურნალისტებისადმი სისტემური ძალადობის გამოვლენა და მეორე, ეს იყო ერთი კონკრეტული, რიგითი, უდანაშაულო ადამიანის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, რომელიც მძიმედ და ტრაგიკულად დამთავრდა და აღმოვაჩინეთ, რომ ამაში სისტემურად მონაწილეობდა სახელმწიფო. ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში, გამოძიების ბოლომდე მიყვანა შევძელით ჟურნალისტებმა, იმის გამო, რომ კონკრეტულმა მოქალაქეებმა და იმ დროს ბიზნესმენებმა ჩვენთან ითანამშრომლეს და ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ერთი ვიდეომტკიცებულება, რომელმაც ამ საქმის შინაარსის უტყუარობა დაადასტურა და ხელისუფლება ამ ფაქტს ვეღარ დაემალებოდა. ასე შეიძლება არა მარტო ჟურნალისტმა და ჩვენ, რომლებიც მოტივირებული ვართ, არამედ ერთმა რიგითმა ადამიანმა, ბიზნესმენმა გადაწყვიტოს ქვეყნის დემოკრატიული ბედი. გაიხსენეთ ეს ყველაფერი და შემდეგ მიუდექით ამ გადაწყვეტილებას მეტი პასუხისმგებლობით. თითოეული ვიდეოკადრი, რომელიც იმ დღის, იმ საათებისა და წუთების მიმდინარეობას პერიმეტრში ასახავს, შეიძლება იყოს გადამწყვეტი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს მათ შორის ამ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობის მასშტაბებზე", - განაცხადა თარგამაძემ.

ფორმულას ტელეწამყვანის და ჟურნალისტის, ვახო სანაიას თქმით, დღეს, 20:00 საათზე ფორმულას ეთერში მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ახალი დეტალები გავა.

ამავე ბრიფინგზე მიშა მშვილდაძემ კვლავ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, რომ 27 ივნისს მასზე თავდასხმის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ. 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა