logo
ENG



"ნებართვა გაიცა, რადგან აზიმუტი არაა EU-ის შავ სიაში" - ავიაცია მოსკოვსა და სოჭში ფრენებზე

25 სექ 202318:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/25/optxpv1kzra8az1.jpg

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანია აზიმუტის მიერ ბათუმიდან და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ნებართვები სწორედ მან გასცა.

ავიაციის სააგენტოს განმარტებით, ნებართვა გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

"ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ახალი განაცხადების მიხედვით, Azimuth Airlines-ი 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას მინვოდი - თბილისი - მინვოდის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით, 11 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სოჭი - თბილისი - სოჭის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით და 9 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით. ხსენებული მიმართულებებით ოპერირებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვები გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. აღნიშნულ მიმართულებეზე ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) უკვე რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ავიაკომპანია ასევე გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით.

ასევე, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია Red Wings-ი ჟუკოვსკი - თბილისი - ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში ხუთი სიხშირით. ავიაკომპანია გააგრძელებს ასევე ოპერირებას მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით. აღნიშნული ავიაკომპანია, ისევე როგორც Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად", - ნათქვამია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

რუსული ავიაკომპანია აზიმუტი მოსკოვიდან ბათუმისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს - როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული ბათუმისკენ ფრენა 9 ოქტომბერს, ხოლო თბილისისკენ 11 ოქტომბერს შესრულდება.

სოჭი-თბილისი- სოჭის ფრენები ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათობით განხორციელდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

აზიმუტმა საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო - თავდაპირველად, კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აზიმუტი უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.

სანქცირებულთა სიაში არის კომპანიის სამივე დამფუძნებელიც - ვიტალი ვანცევიპაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.


close დახურვა