logo
ENG



EU: გვინდა, შევაქოთ უკრაინის თავშეკავებული პოზიცია რუსეთის პროვოკაციების პასუხად

20 თებ 202214:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/20/ko7yxlpnasteihh.jpg
intellinews.com

ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის დეკლარაცია გუშინ გავრცელდა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირი გმობს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტებს,  უკრაინის საპასუხო თავშეკავებულ პოზიციას კი დადებითად აფასებს.

ის მხარეებს ეუთოს ორგანიზებულ სამმხრივი შეხვედრებში მონაწილეობისა და დაძაბულობის დიპლომატიური გზით განმუხტვისკენ მოუწოდებს.

„ეს ესკალაცია ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში კონტაქტის ხაზთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტების ზრდას მოიცავს. ევროკავშირი გმობს მძიმე იარაღების გამოყენებას და მოქალაქეებით დასახლებული პუნქტების განურჩევლად დაბომბვას, რაც მინსკის შეთანხმებასა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ცხადად არღვევს. ჩვენ გვინდა შევაქოთ უკრაინის თავშეკავებულ პოზიცია ამ განგრძობადი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს სპეციალური წარმომადგენლობის შეთავაზებას, არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით სამმხრივი კონტაქტის ჯგუფის შეხვედრის შესახებ და მხარეებს მოვუწოდებთ შეუერთდნენ ამ ძალიან საჭირო ძალისხმევას და არსებულ სიტუაციას დიპლომატიურად მიუდგნენ“ - წერია ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირი შეშფოთებულია იმ დადგმული სცენების გამო, რაც შესაძლოა რუსეთმა სამხედრო ესკალაციის წინაპირობად გამოიყენოს. განცხადებაში წერია, რომ თვალშისაცემია რუსულ მედიაში დეზინფორმაციის მომრავლებულ შემთხვევები, რაც ასევე რუსეთის მიზნებს ემსახურება.

ევროკავშირი უკრაინის არაკონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესახებ ბრალდებების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ჩაერთოს შინაარსიან დიალოგში, დიპლომატიაში და აჩვენოს თავშეკავება და დეესკალაცია“, - წერია გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება და ევროკავშირი თავის პარტნიორებთან ერთად აგრესორ ქვეყნის მიმართ შემზღუდავ ზომებს მიიღებს.

„ევროკავშირი ხელახლა ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

***

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე თვეა, რუსეთმა აქ 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 18 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს. 

17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა. 

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, მხოლოდ 19 თებერვალს  რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 136 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 116-ში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

მათი ინფორმაციით რუსეთის მხრიდან შეტევებს ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა. 

ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს. 

ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა. გუშინ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ ხელისუფლებამ. 

ოკუპირებული სოხუმის ე.წ მერმა ბესლან ეშბამ გუშინ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სოხუმი დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან ევაკუირებული ადამიანების მისაღებად მზადაა.

ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებულ ლიდერს, დენის პუშილინს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ცხინვალი ობოლი ბავშვების მისაღებად მზადაა.

რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

დასავლეთი ვითარების დიპლომატიურ ფარგლებში გადატანას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს. 

აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა