არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები მარნეულში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება მიუღებელია და მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამართალდამცავი უწყებების და პოლიციის არაეფექტური რეაგირება, რის შედეგადაც სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხერხდა და ძალმომრეობითი ქმედებების შედეგად ადამიანებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
"სამართლიანი არჩევნები გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს ვადებში გამოიძიონ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტი. სამართლიანი არჩევნები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 29 სექტემბერს მარნეულში ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის გამო. აღნიშნული ქმედება მიუღებელია და მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობა, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა მათი საქმიანობის განხორციელებისას. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.
მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
28 სექტემბერს ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ევროპული საქართველოს აქტივისტს, ტირის თოფი ესროლეს. ფორმულას ეთერში მან განაცხადა, რომ თავდასხმა ბანერის გაკვრის დროს მოხდა.
თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.
მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.
ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) განაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.