logo
ENG



მარნეულში დაშავებულმა მთავარი არხის ჟურნალისტმა საავადმყოფო დატოვა

30 სექ 202003:33
3 წუთის საკითხავი
clock 1381
ow6kci2y5d33mae.png

ჯეიჰუნ მუჰამედალიმ კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსი დატოვა. ჟურნალისტის თქმით, მას თავის ტრავმა აქვს.

მუჰამედალის თქმით, მას 3-4 წუთის განმავლობაში ქართული ოცნების აქტივისტები ურტყამდნენ.

"რა თქმა უნდა, ტკივილები მაწუხებს. როგორც ექიმებმა დაასკვნეს, ძირითადად, თავის ტრავმა მაქვს. ასევე, მარცხენა ხელზე კანქვეშა სისხლჩაქცევებია. მაქვს თირკმელების ტრავმა და ღია ჭრილობებიც. წარმოუდგენელი რამ მოხდა დღეს, ჩემ საქმეს ვახორციელებდი მხოლოდ. 5-6 ადამიანი ერთდროულად მირტყამდა. ესენი იყვნენ ქართული ოცნების გაღიზიანებული აქტივისტები. 3-4 წუთის განმავლობაში გვირტყამდნენ", - აცხადებს მუჰამედალი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მარნეულში თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელსაც. ტელევიზიის ცნობით, მათ ჟურნალისტს, ჯეიხუნ მუჰამედალის თავი აქვს გატეხილი. 

გარდა ამისა, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

შსს-მ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები. 

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მარნეულში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მარნეულში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. როგორც EMC-ში აცხადებენ, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ. 

 

 


close დახურვა