logo
ENG



ადვოკატი: ნიკა მელია ძალიან განიცდის ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაცვლად

26 აპრ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ადვოკატმა ციხეში მოინახულა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ მისმა უფლებადამცველმა, გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, მელიას პოზიცია გირაოსთან და ამნისტიის კანონთან დაკავშირებით უცვლელია.

ადვოკატის თქმით, მელია იმედოვნებს, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "ამნისტიის კანონპროექტში მოძალადეები არ მოხვდნენ".

"ძალიან განიცდის ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან აქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ამნისტიის ისეთ პროექტს დააინიცირებს, რომელზე დათანხმებაც იქნება ელემენტარულად შეუძლებელი. ნიკა მელია იმედოვნებს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ აღნიშნულ ამნისტიის კანონპროექტში არ მოხვდნენ მოძალადეები", - აცხადებს კონდახიშვილი.

მისივე თქმით, ნიკა მელია მიესალმება ლელოს ინიციატივას ევროპალამენტარების თავდებობის შესახებ. 

ამასთან, როგორც კონდახაშვილმა თქვა, მელიას ციხიდან გამოსასვლელი გასაღები პროკურატურის და სასამართლოს ხელშია. 

"დღეს არის მოცემულობა, რომ ნიკა მელიას საქმე მიჩნეულია პოლიტიკური აღქმის მატარებელ ქეისად და წარმოუდგენელია ასეთ ვითარებაში პირი რჩებოდეს უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში. ამიტომაც, ხელისუფლებას მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება. გასაღები ნიკა მელიას ციხიდან გამოსაშვებად აქვს პროკურატურას და სასამართლოს", - განაცხადა კონდახიშვილმა.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელიას გირაოზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

ლელოს ინიციატივას ენმ-ის ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილიც შეუერთდა.


close დახურვა