logo
ENG



აშშ-ის საელჩო: კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, დემოკრატიას მოფრთხილება სჭირდება

08 იან 202119:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/fbwj0498fpjyv3e.jpg

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კაპიტულიუმში შეჭრას ეხმაურება და წერს, რომ მათთვის ძალადობრივი ქმედებები მიუღებელი იყო.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონისადმი ძლიერი ერთგულება სტაბოლური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია:

"ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი - სრულიად მიუღებელი. როგორც სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, უკანონობა და საზოგადოებრივი არეულობა ყოველთვის მიუღებელია. ჩვენი დემოკრატიული პროცესის მსგავსი გამოცდები შეახსენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაბოძები; მას სჭირდება სიფხიზლე, მძიმე შრომა და თითოეული მოქალაქის მიერ მოფრთხილება.

ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება სტაბილური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. წესრიგი აღდგა, აშშ-ის კონგრესმა ამერიკელი ხალხის სახელით კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. თითქმის 250 წელია, ამერიკელები იღწვიან „უფრო სრულყოფილი ქვეყნის" შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად შრომა არასოდეს დამთავრდება", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მადლობას უხდის მხარდამჭერებს პოლიტიკური სპექტრიდან ქართველ მეგობრებს.

"გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან მათი მხარდაჭერისთვის. 2021 წელს მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს დადებით, წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობას"-ნათქვამია განცხადებაში.

არჩევნების შედეგების არაღიარების გამო მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და იმ სხდომის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო

დემონსტრანტების კონგრესის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, არმიამ კი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია გაგზავნა. 

შენობაში შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ლოკდაუნი გამოცხადდა, სენატორები და კონგრესმენები უსაფრთხოების მიზნით თავიანთ კაბინეტებში იმყოფებოდნენ, ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა შენობაში ხელნაკეთი ბომბი გაანეიტრალეს, რომელიც აფეთქების რეალურ რისკებს შეიცავდა. 

შტურმამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ლეგიტიმურად არ გაუმარჯვია. 

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული თავად პრეზიდენტი ტრამპი უკვე მე-10 კვირაა ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში უმეტესად კონსერვატორი მოსამართლეებით დაკომპლექტდა, ტრამპის კამპანიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

სხდომის თავმჯდომარემ მაიკ პენსმა ტრამპის მომხრეების პოზიციის საპირისპიროდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების რატიფიცირების პროცესს ხელს არ შეუშლიდა. სენატში რესპუბლიკელების თავმჯდომარის მიჩ მაკონალის თქმით კი, ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფა რესპუბლიკას სამუდამოდ დააზიანებს. თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ ბაიდენის გამარჯვების დამოწმების პროცესს ხელს შეუშლის. 

თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს. 

შემდეგ Twitter-ის პოსტში კი ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა შეჭრა სწორედ პატრიოტი ამერიკელებისთვის არჩევნების გაყალბების შედეგია. 

5 იანვარს გამოქვეყნდა სკანდალური ჩანაწერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტსა და ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს შორის, რომელიც შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია, რომელშიც ტრამპი რესპუბლიკელი მაღალჩინოსნის იძულებას ცდილობდა, რათა შტატის ადმინისტრაციას ხმები ხელახლა გადაეთვალა

ტრამპი რაფენსპერგერისგან მოითხოვდა, გადათვლისას იმ რაოდენობის ხმები ეპოვნათ, რამდენიც რესპუბლიკელ კანდიდატს შტატში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. სამართლის ექსპერტების მოსაზრებით, სატელეფონო ჩანაწერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. 


close დახურვა