აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიდეო ზარით 7 დეკემბერს ისაუბრებენ, თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინის ირგვლივ დაძაბულობებს შეეხება.
"პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ზარისას, ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის სამხედრო აქტივობების შესახებ უკრაინის საზღვართან და კვლავ დაადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი.
ჯო ბაიდენმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის დადგენილი „წითელი ხაზები“. მან ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხე დღითიდღე იზრდება.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ერთმანეთს ხუთშაბათს, სტოკჰოლმში შეხვდნენ და უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მოქმედებებსა და საკითხის გარშემო დასავლეთის რეაქციებზე ისაუბრეს. ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან დიალოგში აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.
ვაშინგტონმაც გააფრთხილა ევროკავშირი, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინაში შესვლისთვის ემზადებოდეს. 14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-ისგან საჩუქრად 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი რუსეთს სამხედრო გეგმების შესახებ გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.
26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში მინისტერიალის ფარგლებში დასავლეთის ალიანსთან ერთად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთი ხელახალი თავდასხმისგან და ნატოს მოუწოდა, მოამზადოს "რუსეთის შემაკავებელი" სანქციების პაკეტი უკრაინაზე თავდასხმის აღსაკვეთად და კიევთან სამხედრო თანამშრომლობა გაზარდოს.